საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, ჩიორა თაქთაქიშვილის შეფასებით, პოლიტპატიმართა და პოლიტიკურ დევნილთა საქმეების შესწავლის პროცესი საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას ვერ პასუხობს.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, თაქთაქიშვილმა განაცხადა, პოლიტპატიმართა და პოლიტიკურ დევნილთა 200 კაციან სიაში მოხვედრილი პირების ნაწილი სწორედ ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებით არიან დაკავებულები.
მისი თქმით, სიაში პირადი ნიშნითა და პირადი ნაცნობობის ფაქტორის გათვალისწინებით მოხვედრილი ადამიანები არიან.
„დღევანდლამდე არც ერთ საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტში, რომელიც ევროპის საბჭოს ან სხვა რომელიმე საერთაშორისო სანდო ორგანიზაციის მიერ იქნა მიღებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებით, არ დადგენილა, რომ საქართველოში არის თუნდაც ერთი პოლიტიკური პატიმარი“, - დასძინა დეპუტატმა.