საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერი ნუგზარ წიკლაური ოპონენტებს მოუწოდებს - ლენინსა და ბოლშევიკებს ნუ დაემსგავსებიან.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, წიკლაურმა განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გააცნობიერა, რომ მთავრობაშია და წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულება უნდა დაიწყოს.
მისი თქმით, ახალი მთავრობა განსხვავებულ აზრს და ოპოზიციის არსებობას ვერ ეგუება, რაც ქვეყნის დემოკრატიული ევოლუციის შეჩერების საფრთხეს წარმოადგენს.
„თქვენს ქმედებებს უპრეცედენტო საერთაშორისო რეაქცია მოჰყვა. ამის მიუხედავად მედიასაშუალებების მეშვეობით, პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიასა და დევნას აგრძელებთ. ეს კი, საგარეო რეპუტაციას აზიანებს და საქართველოს სახელმწიფოებრივ საფუძვლებს არყევს. უპასუხისმგებლო მოწოდებები გრძელდება, რომ ვერავის იხსნის მანდატი. ადამიანები ითხოვენ მეტ სისხლს და მეტ მოქალაქეს ციხეში. „სანამ ხალხი გონს მოეგება, რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა დავიჭიროთ“ - ეს სიტყვები ლენინს ეკუთვნის და ლენინსა და ბოლშევიკებს ნუ დაემსგავსებით“, - მიმართა ოპონენტებს დეპუტატმა.