სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დისციპლინურ წესდებაში“ ცვლილებები   შედის

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დისციპლინურ წესდებაში“ ცვლილებები შედის

"საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დისციპლინურ წესდებაში“ (სდსს)  პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, ცვლილებები შედის .

ცვლილება წესდების პირველივე მუხლის პირველივე პუნქტს ეხება, რომლის მოქმედი ჩანაწერითაც, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, როგორც გასამხედროებული, სპეციალური შეიარაღებული სამთავრობო უწყება, უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში. აქ სიტყვები - „გასამხედროებული, სპეციალური შეიარაღებული სამთავრობო უწყება“ იცვლება სიტყვებით: „საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება“.

ამავე ცვლილებების ფარგლებში, მოსამსახურეთა სამსახურებრივი დისციპლინა გაკონტროლდება უშუალო ხელმძღვანელი პირების მიერ, სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებით და სამსახურის გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მიერ ჩატარებული ინსპექტირებით. გამოვლენილი დარღვევის გათვალისწინებით, თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ შუამდგომლობას სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელები სამსახურის უფროსს წარუდგენენ შესაბამისი პატაკით, ხოლო სამსახურის გენერალური ინსპექცია - სამსახურებრივი შემოწმების დასკვნით. დისციპლინური სახდელის დაკისრება სამსახურის უფროსის ბრძანებით ხორციელდება.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დისციპლინური წესდების მოთხოვნები „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად კადრების განკარგულებაში მყოფ თანამშრომლებზეც გავრცელდება, რაც აქამდე არ ხდებოდა.

ამასთან,  კონკრეტდება დისციპლინურ გადაცდომათა საფუძვლები. ასეთად კი ჩაითვლება: სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, სამსახურისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა, ზოგადზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, მისი ჩადენის ადგილის და დროის მიუხედავად, თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა, სამსახურის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესების დარღვევა, სამსახურის შინაგანაწესის მოთხოვნათა დარღვევა, ფიცის გატეხა, სპეციალური ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა, იარაღის შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესების დარღვევა და მხედრული მისალმების და საწესდებო ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმების დარღვევა.