მთავრობა შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა დროებით კომისიას ქმნის

მთავრობა შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა დროებით კომისიას ქმნის

საქართველოს მთავრობა შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა დროებით კომისიას ქმნის. კომისიის შექმნის შესახებ მთავრობამ შესაბამისი დადგენილება უკვე მიიღო.

კომისიას პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს და ის მინისტრებისგან და დეპუტატებისგან დაკომპლექტდება.

დროებითი კომისიის შექმნის მიზანი, მსხვილ დამსაქმებელსა და დასაქმებულთა შორის, შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში წარმოშობილი პრობლემური საკითხების შესწავლა, შესაბამისი რეკომენდაციებისა და დასკვნების შემუშავება და ასევე მთავრობის მიერ აღნიშნული საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის ხელშეწყობა წარმოადგენს.

კომისიაში მოწვეული წევრის სტატუსით დეპუტატი გია ჟორჟოლიანი იმუშავებს.

კომისია უფლებამოსილია: კომისიის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, პრობლემური საკითხების გადაჭრის მიზნით, მოაწყოს დასაქმებულთა და დამსაქმებლებთან შეხვედრა, საკითხის ადგილზე შესწავლის მიზნით წარმართოს მათთან დიალოგი, გამოიკვლიოს დასაქმებულთა მიერ შრომითი ვალდებულებების დროებით შეჩერების მიზეზები; საჭიროების შემთხვევაში, პრობლემური საკითხების შესწავლის მიზნით, კანონმდებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია და დამსაქმებლის თანხმობით გაეცნოს და შეისწავლოს შესაბამისი დოკუმენტაცია; შესწავლილი საკითხებისა და ანალიზის საფუძველზე, შეიმუშაოს დასკვნები და რეკომენდაციები მხარეთა მორიგებისა და შრომითი ურთიერთობების აღდგენის მიზნით; საჭიროების შემთხვევაში სათათბირო ხმის უფლებით სხდომაზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების და ორგანიზაციების დაინტერესებული და პასუხისმგებელი პირები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები; თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით შექმნას სამუშაო ჯგუფები.