დევნილები კობა სუბელიანის და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადებას შეიტანენ

დევნილები კობა სუბელიანის და ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ პროკურატურაში განცხადებას შეიტანენ

დევნილები ლტოლვილთა და განსახლების ყოფილ მინისტრის კობა სუბელიანისა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით პროკურატურაში განცხადებას შეიტანენ.

ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოსთან გამართულ ბრიფინგზე დევნილებმა განაცხადეს.

აფხაზეთიდან დევნილ ელდარ გოგოხიას თქმით, უნდა მოხდეს 2011 წლის იანვარში ტაშკენტის #7-დან დევნილთა გამოსახლების ფაქტის ობიექტური გამოძიება.

„ობიექტურად უნდა იყოს გამოძიებული, თუ რა მოხდა, რის საფუძველზე იქნა გამოყრილი ხალხი, რომლებიც ქუჩაში დატოვეს ზამთარში, ყინვასა და თოვლში" - აღნიშნა ელდარ გოგოხიამ.

დევნილებს სოლიდარობას უცხადებს უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი, რომლის თქმით, ტაშკენტის #7-დან დევნილთა იძულებით და ძალადობით გამოსახლების გამო კობა სუბელიანისა და ვანო მერაბიშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას.

მისივე თქმით, დევნილებს აქვთ ინფორმაცია სისტემაში კორუფციისს შესახებ, რის გამოც დევნილთა უდიდესი ნაწილი ბინებით ჯერაც დაუკმაყოფილებელია.

ამასთან, დევნილების თქმით, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, მოლოდინი აქვთ, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და ტაშკენტის ქ.#7-ში მათი დაბრუნება მოხდება.