22-23 ნოემბერს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპის საბჭოში შეხვედრებს გამართავს. მინისტრის ამპლუაში წულუკიანისთვის ევროპაში ვიზიტი პირველია.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მინისტრთა კომიტეტის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტში, ადამიანის უფლებათა კომისართან და სხვ.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წულუკიანი სასამართლოს თავმჯდომარეს, მთავარ გამწესრიგებელსა და მოსამართლეებს შეხვდება. სამუშაო შეხვედრა სასამართლოს სხვა წარმომადგენლებთანაც იგეგმება, რომლებსაც ქართულ საქმეებზე მუშაობა და მათი განხილვა უშუალოდ ევალებათ.
წულუკიანი ევროპული სასამართლოს წარმომადგენლებს იმ ღონისძიებებს გააცნობს, რომლის გატარებასაც ახალი მთავრობა ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისა და ევროპული სასამართლოს ქართული საქმეებისაგან განტვირთვის მიზნით გეგმავს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების დეპარტამენტთან შეხვედრაზე, მინისტრი ენუქიძისა და გირგვლიანის, ასევე სხვა ქართულ საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ ისაუბრებს.