პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სია ამ დრომდე ზუსტდება

პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სია ამ დრომდე ზუსტდება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას სამუშაო კაბინეტში ამ დრომდე, პოლიტპატიმართა და პოლტიდევნილთა სია ზუსტდება.

სიებთან დაკავშირებით, მომზადებული დადგენილების პროექტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე  დასამტკიცებლად უნდა გავიდეს, თუმცა, სხდომა 12:00 საათზე იწყება და სია სრულყოფილად ჯერ კიდევ არ არის მზად.  

ეკა ბესელია სიებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ სია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პარლამენტი დადგენილების პროექტს დაამტკიცებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ,  კომიტეტის სხდომაზე სია წარმოადგინეს, რომლის მიხედვით, პოლიტპატიმრად 184 ადამიანი გამოცხადდა, ხოლო პოლიტდევნილად - 22.

დადგენილების პროექტით, პარლამენტმა იმ პირთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლების საკითხი უნდა განსაზღვროს და თავისუფლებაში ყოფნის პირობებში თავისუფალი სასამართლოს უფლებით სარგებლობის სამართლებრივი მექანიზმები უნდა მიიღოს.
სამუშაო ჯგუფმა ორი კვირის განმავლობაში სულ 220-ზე მეტი პირის საქმე განიხილა.