ირაკლი ალასანია: მოხსნილია შეკითხვები, რომლებიც დაპატიმრებებთან დაკავშირებით არსებობდა

ირაკლი ალასანია: მოხსნილია შეკითხვები, რომლებიც დაპატიმრებებთან დაკავშირებით არსებობდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებაში მოხსნილია შეკითხვები, რომლებიც დაპატიმრებებთან დაკავშირებით არსებობდა.

აღნიშნულის შესახებ, ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა ალასანიამ ტელეკომპანია „მეცხრე არხთან“ გადაცემა მთავარ კითხვაში ისაუბრა.

„ასეთი შეკითხვები, რომლებიც არსებობდა მოხსნილია, მაგრამ აქვე მინდა ხაზი გავუსვა, ეს არ არის ერთჯერადი ურთიერთობა, ინფორმაცის მიწოდება შიდა პოლიტიკურ საკითხებზე ნატოსთან ურთიერთობის პროცესში გაგრძელდება.  ძალიან ნათლად ითქვა, რომ მათი მხრიდან დიდი ყურადღება იქნება გადატანილი, როგორ მიმდინარეობს თანაარსებობის  პროცესი გამარჯვებულ და დამარცხებულ პოლიტიკურ ძალას შორის. ეს არის ის რეალობა, რომელსაც ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ.  კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ  მე პირადად როგორც საქართველოს მოქალაქეს ძალიან მსიამოვნებს, რომ ჩვენ, საქართველოს გვიყენებენ მაღალ სტანდარტებს, როგორსაც საკუთარ თავს, განვითარებულ დემოკრატიებს  უყენებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე სერიოზულად გვექცევიან, ჩვენი ესმით და მიიჩნევენ, რომ მართლაც, დღეს თუ არა ხვალ,ნატოს  თანაბარი და სრულფასოვანი წევრი გავხდებით“, - განაცხადა ალასანიამ.

მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტი და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის ფარგლებში გამართული შეხვედრები შეაფასა.

„კიდევ ერთხელ დარწმუნდა ყველა, რომ ახალი პოლიტიკური ძალა, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო გადაიქცეს რეალურად ინსტიტუციურ დემოკრატიად“, - განაცხადა ალასანიამ.