ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში „ინტერ რაოესის“ სამუშაო ჯგუფის ვიზიტი გადაიდო. ვიზიტის გადადების მიზეზი უცნობია.
„ინტერ რაოესის“ სამუშაო ჯგუფი თბილისში სავარადოდ, მომავალი კვირის დასაწყისში ჩამოვა.
ცნობისთვის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, კახი კალაძის განცხადებით, „ინტერ რაოესის“ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრის თემა ტარიფი და „თელასიდან“ დათხოვნილი თანამშრომლები იქნება.
როგორც კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ელექტროენერგიისა და გაზის ტარიფების გადახედვა ბოლოს 2005-2006 წლებში მოხდა.
მინისტრის განმარტებით, კონტრაქტი, რომელსაც სემეკ-ი ტარიფის შეუცვლელობის საბაბად იშველიებს, „ინტერ რაოესთან“ ახალი გაფორმებული არ არის.
„ეს მემორანდუმი რამდენიმე წლის წინ გაფორმდა და მის თანახმად, „ინტერ რაოესს“ 2025 წლამდე 370 მილიონამდე ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ეს პროცესი დაწყებულია და ეხება გამრიცხველიანებას, არსებული ქსელების რეაბილიტაციას. მათ, ასევე, ჰქონდათ ახალი ჰესების აშენების ვალდებულება, რაც საბოლოოდ ტარიფში აისახებოდა. ამ საკითხებზეც გვექნება საუბარი „ინტერ რაოესის“ წარმომადგენლებთან“, - განაცხადა კახი კალაძემ.