გიორგი კალანდაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

გიორგი კალანდაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროს  გიორგი კალანდაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე კიდევ ერთი  ბრალდების გამო,  თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

კალანდაძის ადვოკატის გოგიტა გაბაიძის ინფორმაციით, პროცესი 12:30 საათისთვის არის ჩანიშნული.

საუბარია 2011 წლის სექტემბრის ეპიზოდზე, რომელიც ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას უკავშირდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ბრალდება ბაჩო ახალაიასა და კიდევ რამდენიმე სამართალდამცველსაც წაუყენეს.

თბილისის საქალაქო სასამართლო კალანდაძის შესახებ უკვე მესამედ იმსჯელებს. წინ ორ შემთხვევაში იგი გირაოს  სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გიორგი კალანდაძეს მორიგი ბრალი 18 ნოემბერს წაუყენეს.  პროკურატურის ინფორმაციით, 2012 წლის 6 ნოემბერს საქართველოს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით). 2012 წლის 8 ნოემბერს აღნიშნული საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტს.