მთავრობის ბევრ ყოფილ წევრს საქართველოდან წასასვლელი ფული არ აქვს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ახლა ამბობენ ყველაფერი შეჭამეს, ბიუჯეტი ცარიელიაო.. მე რომ პრეზიდენტი გავხდი, ბიუჯეტი სულ რაღაც 500 მილიონი ლარი იყო, ახლა თითქმის 8 მილიარდზე ადის. თუ სახლში წავიღეთ და შევჭამეთ, მაშინ საიდან მოვიდა ამდენი ფული, თუ ვიღაც ბიძამ გამოგვიგზავნა საიდანმე, ან რომელიმე მილიარდერმა მოგვცა, როგორც ზოგიერთს ჰგონია?! ნურას უკაცრავად! ეს არის გადასახადების აკრეფით, კორუფციის შემცირებით და ა.შ. ეს შენობები, რომლებსაც ახლა დანგრევას უპირებენ, იმაზე მეტყველებს, რომ ამ მთავრობაში ხალხს ვილები არ აუშენებია და თავისი ცხოვრება არ აუწყვია, როგორც ეს მათ ჰგონიათ. სხვათა შორის, როდესაც მათი ოჯახის წევრებზე პირდაპირი მუქარა წამოვიდა, მათ შორის იმათზე, ვინც დაპატიმრებულია, ბევრი ეუბნებოდა - წადით უცხოეთშიო, მაგრამ უპასუხეს - რითი წავიდეთო, ჩვენ არ გვაქვს ფულიო და ვინც წავიდა, ვიცი, რომ ფული ბევრს არ აქვს" - განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე სურვილი გამოთქვა, რომ ახალმა მთავრობამ კონცენტრაცია მოახდინოს ევროინტეგრაციაზე და თავის წარმატებული საარჩევნო დაპირებები შეასრულოს.
„ჩვენ ბევრს მივაღწიეთ, მაგრამ ხალხმა თქვა, რომ ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მეტი გვინდაო. ამიტომ ახლა ჩვენ ვუსურვებთ ამ მთავრობას, რომ ნაცვლად იმისა, რომ შურისძიებით იმოქმედოს, თავისი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებაზე გადავიდეს" - განაცხადა სააკაშვილმა.