ამერიკელები საქართველოს არჩევნების შედეგით ხელისუფლებაზე მეტად იყვნენ დაბნეული. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში ახალგაზრდული პარლამენტის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო დღეს გზაჯვარედინზე დგას და მზად არის მთავრობას დაეხმაროს, წარმატების მიღწევაში.
„მინდა, მოგმართოთ როგორც პრეზიდენტმა და როგორც საქართველოს მოქალაქემ, ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის უახლოეს ისტორიაში პირველად მოხდა ხელისუფლების კონსტიტუციურად გადაცემა. ამბობენ, რომ სააკაშვილმა იმიტომ შეცვალა მთავრობა, რომ ამერიკელებმა დაურეკესო. ეს არის სრული სისულელე, მე არავის დარეკვა არ მჭირდება და ამერიკელები ჩვენზე მეტად იყვნენ დაბნეული არჩევნების შედეგებით. შესაბამისად, არავინ დამირეკავდა. ერთხელ პრეზიდენტმა კაჩინსკიმ მითხრა - იცი რა განსხვავებაა ჩვენსა და თქვენ შორის, ევროკავშირის წევრ და არაწევრ სახელმწიფოს შორისო? მე რომ პრეზიდენტი აღარ ვიქნებოდი, დამიჭერდნენო. მე პრემიერ-მინისტრს ამ შენობაში ვესაუბრე და მთავრობასაც გადავეცი გზავნილი, რომ მზად ვარ, ახალ უმრავლესობას დავეხმარო წარმატების მიღწევაში. ყველას უნდა გვინდოდეს, რომ საქართველო გახდეს ნორმალური ევროპის დონის სახელმწიფო. ეს შეთავაზება ახლა ისეთი მართებულია, როგორც არასდროს და მე იმედი მაქვს, რომ ახალი მთავრობა უკვე მიღწეულ წარმატებებს გააგრძელებს, მათი განადგურების ნაცვლად"- განაცხადა პრეზიდენტმა.