რადიო „ჰერეთის“ მფლობელი რამაზ სამხარაძე კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ტენდენციურობაში ადანაშაულებს.
სამხარაძის განცხადებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, ლიცენზიის მისანიჭებელი კონკურსი არამართლზომიერად, პროცესუალური დარღვევებით ჩატარდა.
სამხარაძე რადიო „ჰერეთისადმი“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაინტერესებას, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის „კავკასუს ონლაინთან“ დაკავშირებით, გამოქვეყნებულ ჩანაწერს უკავშირებს.
„ეჭვი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც „კავკასუს ონლაინთან“ დაკავშირებით, ირაკლი ჩიქოვანის ჩანაწერი გამოქვეყნდა. თუ ასეთი რამ მართლაც მოხდა, ეს ცალსახად, საგამოძიებო თემაა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრებს უფლებაც არ აქვთ თანამდებობებს ინარჩუნებდნენ. ჩვენ მათ მოვუწოდეთ დატოვონ თანამდებობები, თუკი ეს მართლაც, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეალურ ჩანაწერებს და რეალურ პოზიციას ექვემდებარება. შესაბამისად, გამორიცხული არაა საქართველოში სიხშირეებისა და ლიცენზიის განაწილების გადაწყვეტილებას სხვადასხვა კომპანიებისადმი შეგნებულად და შეუგნებლად იღებდნენ. ძალიან მარტივად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმების საფუძელზე“, - განაცხადა სამხარაძემ.