სააპელაციო სასამართლო დღეს სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ სარჩელს განიხილავს

სააპელაციო სასამართლო დღეს სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ სარჩელს განიხილავს

თბილისის სააპელაციო სასამართლო დღეს სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ სარჩელს განიხილავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის დეტალები მედიას  for.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მოსარჩელე მხარემ გუშინ  გააცნო.

როგორც ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა განაცხადა, „ჰერეთს“ გააჩნია დასაბუთებული პრეტენზიები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ. კერძოდ, 2011 წელს ჩატარებული კონკურსის მიმართ, რომელიც იმ მიზნით ჩატარდა, რომ გამოვლენილიყო კერძო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ქალაქ თბლისიში FM სიხშირეზე.

მისივე თქმით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა ორმა კონკურსანტმა მიიღო, რადიო „ჰერეთმა“ კი ლიცენზია ვერ მიიღო.

„ჩვენ პრეტენზია არ გვაქვს მეორე რადიოსთან, არამედ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან, რადგან მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლიანობასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არსებობს“ - აღნიშნა ყანდაშვილმა.

მისი განმარტებით, როდესაც კომუნიკაციების კომისიამ კერძო საერთო მაუწყებლობის სიხშირის ლიცენზიაზე კონკურსი გამოაცხადა, წინასაკონკურსო პირობებში არ ჩაუწერია იმ შინაარსის მოთხოვნები, რაც შემდეგში რადიო „ჰერეთმა“ ვერ დააკმაყოფილა და ამ მიზეზით, მას ლიცენზია არ მისცეს.

„მაგალითად, ერთ-ერთ ხარვეზად რაც რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვებისათვის ფაქტობრივი თვალსაზრისით „ჰერეთს“ წამოუყენეს, ეს იყო ის, რომ „ჰერთის“ სამაუწყებლო ბადე არ მოიცავდა საბავშვო-გასართობ გადაცემებს. მაშინ, როცა „ჰერეთი“ კონკურსის მოთხოვნებს ეცნობოდა, ვერსად ნახავდით, რომ ამ ტიპის გადაცემებზე უნდა ყოფილიყო აქცენტი გაკეთებული. ამ მაგალითათაც ჩანს, რომ სრულიად უსაფუძვლოა ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს „ჰერეთის“ მიმართ“ - აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.

რაც შეეხება სამართლებრივ საკითხებს, ადვოკატის განმარტებით, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 37-ე მუხლი ითვალისწინებს მარეგულრებელი კომისიის ვალდებულებას, ლიცენზიის გაცემამდე, შეამოწმოს მსურველი კონკურსანტების მფლობელები და დამფუძნებლები, ხომ არ არიან ისინი ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირები.

ყანდაშვილის თქმით, კომისიამ მსგავის შემოწმება ჩაატარა, თუმცა არასრულყოფილად.

„როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმიდნარე 9 თვიანმა პროცესმა და მტკიცებულებებმა გამოავლინა, კომპანიის რომელმაც ლიცენზია მიიღო, დამფუძნებელია ქართული შპს, ხოლო მისი დიდი წილის მფლობელია არაქართველი რეზიდენტი, გერმანული კომპანია სს „ვიდოფონი“. არის თუ არა „ვიდოფონი“ ოფშორში რეგისტრირებული, ეს დოკუმენტაცია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ აქვს სათანადოდ შესწავლილი“ - აღნიშნა ირაკლი ყანდაშვილმა.

მან სხვა პროცესუალურ დარღვევებზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია კანონმდებლობის ზუსტი დაცვით არ მოქმედებდა.

„დოკუმენტაცია არ არის აპოსტილით დამოწმებული და ქართულ ენაზე გადათარგმნილი. გამოდის, რომ 2011 წლის ჩვენი მხრიდან სადავოდ გამხდარი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც რადიო „ჰერეთის“ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ლიცენზია გადაეცა სხვა კონკურსანტს, არ არის ქართულ კანონმდებლობასთან შესაბამისი. რადგან, მოპასუხე მხარეს არ აქვს ის პროცედურული ნაბიჯები გადადგმული ქართული კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით, როგორც ამას ითვალისწინებს კანონმდებლობა“ - აღნიშნა მან.