საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რენო სალენსს შეხვდა.
შეხვედრის დასაწყისში, საფრანგეთის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა ახლადდანიშნულ მინისტრს საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლორან ფაბიუსის მილოცვის წერილი გადასცა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები, ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები, ევროკავშირთან და ნატო-სთან საქართველოს ურთიერთობები განიხილეს.
საფრანგეთის ელჩმა წარმატებები უსურვა ახლადდანიშნულ მინისტრს და საფრანგეთის მხრიდან მჭიდრო თანამშრომლობა აღუთქვა.