ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საქართველოში ჩინეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ჟენგ ვეის შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ხადურის განცხადებით სავაჭრო-საინვესტიციო კუთხით, ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია.
ჟენგ ვეიმ იმედი გამოთქვა, რომ ჩინელ და ქართველ ბიზნესმენებს შორის თანამშრომლობა შედგება და ქართული პროდუქცია ჩინურ ბაზარზე დაიმკვიდრებს სახელს.
„ჩინეთის მხრიდან არის ინტერესი, განსაკუთრებით ეს ეხება ‘აბრეშუმის გზის’ აღორძინებას. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩინეთის ბაზარი საინტერესო გახდება ქართული პროდუქციისათვის: ქართული წყლებისა და ღვინისათვის“, - განაცხადა ხადურმა.
ჩინეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ჟენგ ვეი კი აღნიშნავს, რომ ისინი მიესალმებიან თანამშრომლობას საქართველოსთან და უფრო მეტი ჩინური კომპანიის შემოსვლას საქართველოში.
ასევე ვეიმ იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება და სარგებელს ორივე ქვეყანა მიიღებს ამ თანამშრომლობით.