ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი 3 დეკემბერს გაიმართება

ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი 3 დეკემბერს გაიმართება

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული კიდევ რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი 3 დეკემბერს, 10.00 საათისთვის გადაიდო.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

როგორც ბრალდებულების უფლებადამცველებმა განაცხადეს, იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი მათგანი საქმეში ახალი ჩართულია, მოსამზადებლად დრო სჭირდებათ. ადვოკატების შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.

რაც შეეხება ბრალდებულებს, ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად შეიარაღებული ფორმირებების მზადებაში ბრალდებულია კიდევ რამდენიმე პირი, მათ შორის გიორგი გაბროშვილი, იოსებ გიგუაშვილი, ზაზა ბეთლემიშვილი, ზვიჩა საბაშვილი.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნასა და მეთაურობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ირაკლი ოქრუაშვილი ბრალს არ აღიარებს.

სასამართლო პროცესს ბრალდებულებიც დაესწრნენ, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილი, რომლის გამოჩენასაც საქალაქო სასამართლოს ყველაზე დიდ დარბაზში მყოფი საზოგადოების მხრიდან აპლოდისმენტები მოჰყვა.

ბრალდებულების მხარდასაჭერად მათი ახლობლები, მეგობრები და ოჯახის წევრები რეგიონებიდანაც იყვნენ ჩამოსულნი.

სასამართლო პროცესი თავდაპირველად #2-ე დარბაზში უნდა გამართულიყო, რომელიც 60 ადამიანზეა გათვლილი, თუმცა ხალხის სიმრავლის გამო პროცესი ყველაზე დიდ, #1 დარბაზში ჩატარდა.

მოსამართლემ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე დღევანდელი პროცესის პირველი ორი წუთის გადაღება ვიდეოკამერებით შესაძლებელი იყო, რის შემდეგაც ჟურნალისტებს პროცესის დასაწყისის გადაღების საშუალება მიეცათ.