საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) დღეს, კვლევის „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მსჯავრდებულთა გათავისუფლებისა და სასჯელის გადავადების მექანიზმები საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა.
კვლევის მიზანს საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვა და იმ საკანონმდებლო პრობლემების იდენტიფიცირება წარმოადგენდა, რომლებიც მუდმივმოქმედი კომისიისა და სასამართლოს მუშაობის პრაქტიკაში მძიმე და განუკურნებელი დაავადებების მქონე მსჯავრდებულთა განცხადებების ეფექტურ, დროულ და ობიექტურ განხილვაში ხელისშემშლელ ფაქტორებს განაპირობებს.
ამასთან, კვლევის ავტორთა სურვილი, კომისიისა და სასამართლოს მუშაობის დროს გამოკვეთილი პრობლემების წარმოჩენა იყო.
აღნიშნულის შესახებ, საია განცხადებას აქვეყნებს. განცხადების თანახმად, კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციას - „საიას“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“, „ახალგაზრდები სამართლიანობისთვის და დამოუკიდებელი ადვოკატების“ მიერ წარმოებულ 23 საქმის ანალიზს ეფუძნება.
სამედიცინო კუთხით საქმეების ანალიზის მომზადებისას საიამ მჭიდროდ ითანამშრომლა საქართველოს ექიმთან ასოციაციასთან.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კვლევის შედეგად ხარვეზები გამოიკვეთა.
„კომისია, ვერ უზრუნველყოფს განცხადებების დროულ განხილვას; ერთობლივი ბრძანებით არ არის განსაზღვრული ისეთი ვადები, როგორიცაა, განცხადების დასაშვებობის განხილვის ვადა, შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ საქმის შესწავლის ვადა, კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა, ასევე, დაჩქარებული წესით განხილვის ვადები; ბუნდოვანია საქმეთა დასაშვებობის კრიტერიუმები, როგორც პრაქტიკაში, ასევე კანონმდებლობაში; პატიმრობის კოდექსი და სასხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულთათვის სასჯელის მოხდის გადავადებისა და სასჯელისგან გათავისუფლებისთვის განსხვავებულ პირობებს ადგენს; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი დამატებით მოითხოვს, რომ მძიმე ავადმყოფობა, ხელს უნდა უშლიდეს სასჯელის მოხდას. თუ რა იგულისხმება სასჯელის მოხდაში ხელის შეშლაში არ არის დაკონკრეტებული არც კანონმდებლობაში და არც სასამართლო გადაწყვეტილებებშია განმარტებული; ბრძანებით განსაზღვრული დაავადებები, რომელიც წარმოადგენს მსჯავრდებულთა გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საფუძველს საჭიროებს მოდიფიცირებას.
კვლევაში წარმოდგენილი საქმეთა ანალიზის შედეგად კი, გამოიკვეთა შემდეგი პრობლემები: კვლევაში წარმოდგენილი არცერთი საქმე არ განუხილავს კომისიას. გარდა ერთი გამონაკლისი საქმისა, კომისიას არათუ საბოლოო გადაწყვეტილება, არამედ განცხადებების დასაშვებობაზეც კი არ უმსჯელია. კომისიის მიერ საქმის განხილვამდე გარდაიცვალა რამდენიმე პატიმარი; ჩვენ მიერ განხილულ საქმეებში სასამართლომ არ დააკმაყოფილა სასჯელის გადავადების მოთხოვნები, იმ მოტივით, რომ დაავადება მსჯავრდებულს სასჯელის მოხდაში არ უშლიდა ხელს. ერთ-ერთ შემთხვევაში გადაწყვეტილების გამოტანისას მსჯავრდებული რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო; სახეზეა შემთხვევები, როდესაც მსჯავრდებულები გარდაიცვალნენ სასამართლოს მიერ სასჯელის გადავადებიდან რამდენიმე თვეში“, - ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ არსებული პრობლემური სიტუაცია გამოწვეულია, როგორც ხარვეზიანი საკანონმდებლო ბაზით, ასევე მახინჯი პრაქტიკით.
„კვლევაში მოყვანილი საქმეები, კანონმდებლობის ანალიზთან და საერთაშორისო პრაქტიკასთან ერთად, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ შექმნილი მდგომარეობა საჭიროებს უფლებამოსილი პირების მიერ საკითხის შესწავლასა და შესაბამისი ზომების მიღებას.
„საია“ მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს და მონაწილეობა მიიღოს რეკომენდაციების შემუშავებაში, რომლებიც არსებული პრობლემების გადაჭრას ხელს შეუწყობს.