საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროცესის პირველი ორი წუთი ფოტო და ვიდეოგადაღებებისთვის ღიად გამოცხადდა.

პროცესს თავად ოქრუაშვილიც ესწრება, რომელიც საფრანგეთიდან საქართველოში დღეს დილით დაბრუნდა და სასაზღვრო პოლიციამ დააკავა.

პროცესზე დასწრების მსურველთა სიმრავლის გამო, სასამართლო სხდომის დარაბაზის გამოცვლა გახდა საჭირო.

ოქრუაშვილის ადვოკატის, ზვიად კორძაძის ცნობით, საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნული პროცესი 26 მაისის მოვლენებს, უკანონო ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობის ბრალდებას უკავშირდება.

„ჩვენს არგუმენტებს სასამართლოზე წარმოვადგენთ, რადგან ვფიქრობთ, რომ არავითარი მტკიცებულება პროკურატურას არ აქვს. არსებობს მხოლოდ ვიღაცის ნათქვამი, რომელიც არ შეიძლება მტკიცებულად გამოდგეს" - აღნიშნა კორძაძემ.

ამასთან, ადვოკატმა ოქრუაშვილის წინააღმდეგ წარდგენილ სხვა ბრალდებებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ კიდევ ერთი ეპიზოდი სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რაც ე.წ. ტყვია-წამლის საქმეს უკავშირდება.