საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტის განხორციელების პროცესში შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობენ და მთავარ პროკურატურას საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.
როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, შესაბამისი მასალები პროკურატურას დღესვე გადაეცემა.
მისი ინფორმაციით, საქმე იმაშია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 10 ივლისის #490 განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის წესით, 1 კვ.მ ფართობის მიწა შპს „მილლენიუმ ტრანსს" 7 თეთრად გადაეცა.
„გზების დეპარტამენტმა ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის ზემოაღნიშნული მიწებიდან „მილენიუმ ტრანს"-ისგან 37 152 კვ.მ მიწა ჯამში 446 976 ლარად უკვე შეისყიდა ანუ 1 კვ.მ მიწა სახელმწიფოს მიერ უკან 12 ლარად იქნა გამოსყიდული, 17 000%-იანი ფასნამატით. ანალოგიურად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროს მიერ "მილენიუმ ტრანსისთვის" 2008 წლის მაისში გადაცემული მიწა 2011 წლის სექტემბერში 1 239 790 ლარად იქნა გამოსყიდული" - განმარტა შერგელაშვილმა და დასძინა, რომ იმ პერიოდში, როცა კომპანიისთვის მიწების პირდაპირი წესით მიყიდვა მოხდა, სახელმწიფოს ქობულეთის შემოვლითი გზის პროექტის განხორციელება, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი კრედიტით უნდა განხორციელებულიყო, დაგეგმილი ჰქონდა.
„შემოვლითი გზის მშენებლობაზე მუშაობა საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2008 წლის 10 ივლისის განკარგულების გამოცემამდე დაიწყო. კერძოდ, აზიის განვითარების ბანკის მიერ „საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამის" დაფინანსების შესახებ საუბარი 2007 წლის 19 ნოემბერს დაიწყო, 2008 წლის 28 იანვარს კი აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოიყო გრანტი, რომელმაც აჭარის შემოვლითი გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება დააფინანსა და რომლის საფუძველზეც, 2009 წლის 29 ოქტომბერს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება დაიდო" - აღნიშნა შერგელაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრი მიიჩნევს, რომ არსებობს საფუძველი აღნიშნული ფაქტების გამოძიებისთვის.
„ანალოგიურადაა განხორციელებული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების პრივატიზება და შემდგომ სხვა ავტომაგისტრალების მშენებლობის განსახორციელებლადაც მისი უკან გაზრდილი ფასებით გამოსყიდვა. სხვა მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით, მთავარი პროკურატურისთვის გადასაცემად მასალები მზადდება" - განაცხადა შერგელაშვილმა.
სამინიტროს ცნობით, „მილენიუმ ტრანს" 2007 წლის 2 მაისსაა რეგისტრირებული და მისი დირექტორი და 100%-იანი წილის მესაკუთრე თამაზ ნიჟარაძე იყო. 2010 წლის 16 დეკემბერს კი "მილენუმ ტრანსის" წილების გადანაწილება მოხდა და მოქალაქე ჯემალ ინაიშვილი თავისივე დეიდაშვილ თამაზ ნიჟარაძისგან 500 000 ლარის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიის 50%-იანი წილის მესაკუთრე გახდა. 2012 წლის 5 სექტემბერს „მილენიუმ ტრანსში" ისევ მოხდა წილების ხელახალი გადანაწილება და ამჟამად კომპანიის მეწილეები საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი ჯემალ ინაიშვილი და ბიზნესმენები თამაზ ნიჟარაძე და თემურ ჯაში არიან.