თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილი თანაგუნდელი „ქართული პარტიის“ ყოფილი წარმომადგენელი სოფო ხორგუანი საქართველოში ოქრუაშვილის დაბრუნებას დადებითად აფასებს და იმედს გამოთქვამს, რომ ოქრუაშვილს მიეცემა საშუალება სამართლიანი სასამართლოს წინაშე, თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს.
ხორგუანის განცხადებით, ოქრუაშვილის ქვეყანაში დაბრუნება პოზიტიური გზავნილია და აღნიშნავს, რომ ეს იმის ნიშანია, რომ ადამიანები ახალ ხელისუფლებას და მმართლმსაჯულებას ნდობას უცხადებენ.
„სამწუხაროდ, ბევრია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების პირობებში დევნას განიცდიდნენ. ეს არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს და ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებსაც ეხება. სწორედ, ამიტომაც ვიბრძოდით ხელისუფლების დასამარცხებლად. მე როგორც რიგითი მოქალაქე მათ ქვეყანაში დაბრუნებას მივესალმები. რაც შეეხება, კონკრეტულად, ირაკლი ოქრუაშვილის ქვეყანაში დაბრუნების ფაქტს, ამასაც პოზიტიურად განვიხილავ. მას თავის დროზე, საფრანგეთის სახელმწიფომ პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა, შესაბამისად იმ სახელმწიფომაც აღიარა, რომ ის პოლიტიკური ნიშნით დევნილი იყო. მისი დაბრუნებაც გასაგებია, რა თქმა უნდა, როდესაც გიჩნდება იმედი, რომ სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარსდგები, ეს პოზიტიურია. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ახალ ხელისუფლებას, მმართლმსაჯულებას ნდობას უცხადებენ. დარწმუნებული ვარ, ოქრუაშვილს მიეცემა საშუალება სამართლიანი სასამართლოს წინაშე თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს და ასევე მმართლმსაჯულებას ექნება საშუალება რეალურად დაადგინოს ფაქტები“, - განაცახდა ხორგუანმა.