გიორგი ბარამიძე: მთავარ პროკურორს მოვუწოდებთ,  დროულად და ობიექტურად გამოიძიოს ყველა საქმე

გიორგი ბარამიძე: მთავარ პროკურორს მოვუწოდებთ, დროულად და ობიექტურად გამოიძიოს ყველა საქმე

"ნაციონალური მოძრაობა" მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს მოუწოდებს, ცილისმწამებლური კამპანიის ნაცვლად,  კანონიერი საქმიანობით დაკავდეს და ყველა საქმე გამოიძიოს.

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ დღეს პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის მიერ გაზეთ „ქრონიკისთვის" მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა.  

„უნდა გითხრათ, რომ აღნიშნულ ინტერვიუზე ყურადღებას არ გავამახვილებდი, რომ არა გარკეული მიმართულების მქონე სრულიად გამოგონებული და ცილისმწამებლური ბრალდებების გააქტიურებული კამპანია. მოგეხსენებათ, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტების მიმართ პროკურორის ასეთი განცხადება, რომელიც ფაქტობრივად უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს, აღიქმება როგორც დაუფარავი მუქარა და შანტაჟი. სამწუხაროა, რომ ნაცვლად პოზიტიური ურთიერთობისა, ახალმა მთავრობამ ოპოზიციასთან ურთიერთობისას სწორედ ეს აირჩია.

 ამ ტყუილისა და მუქარების მიზანია ოპოზიციაზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და დაშინება. ამის საპაუსუხოდ მინდა, განვაცხადო, რომ ამგვარი უკანონო ქმედება ვერავის შეაშინებს და თავის მიზანს ვერ მიაღწევს. ჩვენ არ ვაპირებთ მორჩილი ოპოზიცია გავხდეთ და მწვავე კრიტიკა და ოპონირება შევწყვიტოთ. საქართველოს მთავარ პროკურორს მოვუწოდებთ, ნაცვლად ასეთი ცილისმწამებლური კამპანიისა და მასში მონაწილეობისა, თავისი კანონიერი საქმიანობით დაკავდეს, დროულად და ობიექტურად გამოიძიოს ყველა საქმე" - განაცხადა ბარამიძემ.