კახი კალაძე: ენერგეტრიკის სამინისტროს ინიციატივაა შეასრულოს მედიატორის როლი „თელასსა“ და ყოფილ თანამშრომლებს შორის

კახი კალაძე: ენერგეტრიკის სამინისტროს ინიციატივაა შეასრულოს მედიატორის როლი „თელასსა“ და ყოფილ თანამშრომლებს შორის

ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძის გადაწყვეტილებით, „თელასიდან" დათხოვილი თანამშრომლების საქმეებს სპეციალური კომისია შეისწავლის.

მინისტრის ინიციატივით, ერთობლივ კომისიაში სამინისტროს, პროფკავშირებისა და „თელასის" საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები შევლენ.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა აღნიშნული საკითხი დღეს პროფკავშირებისა და „თელასის" საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა, რომელზეც იგი „თელასის" გაფიცული და მოშიმშილე თანამშრომლების მდგომარეობით დაინტერესდა და მათ შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა.

ერთობლივი კომისია მუშაობას ხვალიდან დაიწყებს და სამსახურიდან დათხოვილი თითოეული ადამიანის საქმეს ინდივიდუალურად განიხილავს. კომისია როგორც ზაფხულში, ასევე სექტემბერში დათხოვილი თანამშრომლების საქმეზე იმსჯელებს.

მინისტრის განცხადებით, მან აღნიშნული საკითხი გასულ კვირას, კომპანია „ინტერ რაოს" წარმომადგენლებთან შეხვედრის დროსაც დასვა.

„სამინისტროს „თელასის" საქმიანობაში პირდაპირი ჩარევის უფლება არ აქვს. სამინისტრო გამოდის ინიციატივით, შეასრულოს მედიატორის როლი კომპანიასა და ყოფილ თანამშრომლებს შორის, რომ საკითხი დროულად და ყველა მხარისათვის დადებითად გადაწყდეს" - აღნიშნა კალაძემ.