პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნება საფუძვლიანია, რადგან ერთის მხრივ, ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზების თვალსაზრისით, ახალი პრესპექტივები გაჩნდა, ხოლო მეორეს მხრივ, ოქრუაშვილი შეყვანილია პოლიტდევნილთა სიაში და აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს, ის დროს არ კარგავს და ცდილობს, სამართლებრივ პროცესებში თავიდანვე ჩაერთოს.
ლორთქიფანიძის განცხადებით, ბრალდებები, რომლებიც ოქრუაშვილის მიმართ იქნა წარდგენილი, სასამართლოში დეტალურ გამოკვლევას მოითხოვს და აღნიშნავს, რომ მის მიმართ, წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით, მართლზომიერებას სასამართლო თავად განსაზღვრავს.
მისივე თქმით, პროცესუალურად, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ, კანონიერ ძალაში შესული განაჩენია დამდგარი, რომლის გასაჩივრების ვადაც სააპელაციო სასამართლოში დღეიდან, მისი დაკავების დღიდან არსებობს.
„როგორც ჩანს, ბატონი ირაკლი მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების უშუალო მონაწილეობით გაასაჩივრებს ამ განაჩენს, როგორც უკანონოს, როგორც იგი მიიჩნევს და ჩვენ ძალიან საინტერესო სასამართლო პროცესს უნდა ველოდოთ, თუმცა რამდენი ხანი მოუწევს მას გლდანის #8 დაწესებულებაში ყოფნა, ეს ჯერ-ჯერობით უცნობია“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
რაც შეეხება კითხვას, შესაძლებელია, თუ არა ოქრუაშვილმა მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ყოფილ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სასამართლოსთან ითანამშრომლოს, ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ მოსალოდნელია ოქრუაშვილმა არსებული სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პრივილეგიებიც გამოიყენოს და მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, წარმოდგენილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღდმეგ, გამოძიებას ძალიან სერიოზული ინფორმაცია მიაწოდოს.
„რომელიც შემდგომ, შესაძლოა ყოფილ თანამდებობის პირების მიმართ, ახალ ბრალდებებს საფუძვლად დაედოს. მათ შორის, არ გამოვრიცხავ ირაკლი ოქრუაშვილმა გამოძიებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც, მსგავსი ტიპის ინფორმაციები მიაწოდოს“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.