ლიტველი ჟურნალისტის და პოლიტოლოგის, „მემარცხენე სოციალისტური ფრონტის“ პარტიის თავმჯდომარის ალგირდას პალეცკისის განმარტებით, ლიტველ ხალხს დიდი მოლოდინი გააჩნდა ნატო-ს და ევროკავშირის ორგანიზაციების მიმართ, მათი აზრით, ისინი შეძლებდნენ ლიტვის ეკონომიკის წამოწევას და ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას, თუმცა 8-10 წლის წევრობის შემდეგ, ლიტველები სამწუხაროდ, დარწმუნდნენ, რომ ეს ასე არ არის.
„ევროკავშირიც და ნატოც საერთაშორისო ფინანსური ოლიგარქიის ხელში მხოლოდ ინსტრუმენტებია. დასავლეთის მსხვილი ფინანსური წრეები, რომლებიც გლობალიზაციის ეგიდით არიან გაერთიანებულნი, დამნაშავენი არიან მსოფლიო ეკონომიკური კრიზისში, განსაკუთრებით, ამერიკაში განხორციელებული ფინანსური სპეცკულაციების გზით. ნატო ეს არის ამერიკის ხელჯოხი, სხვადასხვა პოლიციური ფუნქციების შესასრულებლად. სსრკ-ს დაშლის შემდეგ, წესით ნატოც უნდა დაშლილიყო, რადგან ის სწორედ სსრკ-ს წინააღმდეგ იყო შექმნილი, თუმცა მან მსოფლიოში ამერიკის ზეგავლენის გასაძლიერებლად გააგრძელა მუშაობა. ნატო-ს ევროპის მიმართ გააჩნია ერთი პრინციპი,რაც ასე შეიძლება გადაითარგმნოს-რუსეთი-გარეთ, გერმანია-ფეხქვეშ და ამერიკა-ევროპის შიგნით“,- განაცხადა პალეცკისმა For.ge-ს პრესკლუბში ბალტიისპირეთიდან ჩამოსულ პოლიტიკური ექსპერტების და პოლიტიკოსების მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ლიტველი პოლიტიკოსის აზრით, ლიტვა თავდაცვაზე უზარმაზარ თანხებს იხდის, რასაც ქვეყნის მთლიანი შიგა მოხმარების პროდუქტის 2%-ზე მეტი მიაქვს და რაც პოლიტიკოსის აზრით, უზარმაზარი თანხაა ლიტვისთვის.
„არ ვთვლი, რომ ლიტვას რაიმე საფრთხე ემუქრება იმისთვის, რომ ჩვენ ასეთი უზარმაზარი თანხები ვიხადოთ თავდაცვაზე. როდესაც ადამიანებს აქვთ კარგად ანაზღაურებადი სამუშაო, კარგი განათლების მიღების შესაძლებლობა და კარგი სამედიცინო დაზღვევა, ქვეყანა უსაფრთხოდაა. როდესაც ქვეყანა ისეთი ღარიბია, როგორც ლიტვა, მაშინ მას უფრო დიდი საფრთხე ემუქრება“,-აღნიშნა პალეცკისმა.
ალგირდას პალეცკისის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ისეთი პოლიტიკოსია, რომლისთვისაც ამერიკის და ვაშინგტონის ინტერესები პირველ ადგილზეა, ვიდრე ქართველი ხალხი.
„მიხეილ სააკაშვილს ლიტვის პოლიტიკური ელიტის ნაწილი დადებითად აფასებს, საზოგადოების დიდი ნაწილი კი თვლის, რომ ეს ადამიანი არაადეკვატურია, რასაც მთელი მისი პოლიტიკაც ადასტურებს. ის ამერიკის მარიონეტია, რომელსაც მეორე ადგილზე ჰყავს ქართველი ხალხი და მისთვის მთავარია პატაკი ჩააბაროს ვაშინგტონს. ჩვენთანაც არიან ასეთი პოლიტიკოსები. რუსეთთან მის დაპირისპირებას კი ცუდი პირველ რიგში ქართველი ხალხისთვის მოაქვს, ვფიქრობ, ასეთი პოლიტიკოსები განწირულნი არიან, რაც არჩევნებმაც დაადასტურა“,-განაცხადა პალეცკისმა.