ზვიად კორძაძე: ოქრუაშვილი აპირებს თავისი სიმართლე საპატიმროდან დაამტკიცოს

ზვიად კორძაძე: ოქრუაშვილი აპირებს თავისი სიმართლე საპატიმროდან დაამტკიცოს

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის ზვიად კორძაძის განცხადებით, დღეს საქალაქო სასამართლოში დანიშნულია ოქრუაშვილის საქმის განხილვა ერთ-ერთ ბრალდებასთან დაკავშირებით და იგი საქართველოში სწორედ აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე დასასწრებად ჩამოვიდა.

ამის შესახებ ადვოკატმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოქრუაშვილის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც მას მისჯილი აქვს 11 წლიანი თავისუფლების აღკვეთა. შესაბიმისად, ადვოკატის განმარტებით, მიუხედავად სასამართლოს დღევანდელი მსვლელობისა, ოქრუაშვილი პატიმრობაში დარჩება, რადგან მას ერთ საქმეზე უკვე მისჯილი აქვს განაჩენი ოქრუაშვილი ამას აცნობიერებდა.

„ერთადერთი მოტივი მისი ჩამოსვლისა არის ის, მიუხედავად პოლიტიკური დევნილის სტატუსისა, ის არ აპირებს სხვა ქვეყანაში ცხოვრებას. ქვეყანაში მომხდარმა ცვლილებებმა სამართლიანი სასამართლოს იმედი გააჩინა. ოქრუაშვილი აპირებს დაამტკიცოს თავისი სიმართლე საპატიმროდან და რამდენ ხანსაც მოუწევს მას პატიმრობაში ყოფნა, იმდენ ხანს დარჩება“ - განაცხადა კორძაძემ.

მისივე თქმით, არსებობს შესაბამისი არგუმემტები, თუ რატომ არის ოქრუაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებები უკანონო და დაცვის მხარე ამის დამტკიცებას შეეცდება.

„ეს იყო მისი გადაწყვეტილება. მას შეეძლო დაეცადა იმ ცვლილებებისთვის, რაც კანონმდებლობაში იგეგმება, გამოეყენებინა სხვა ბერკეტები, მაგრამ მან ჩამოსვლა ამჯობინა, რათა საქართველოში აწარმოოს თავისი საქმე“ - განაცხადა ადვოკატმა.