ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით არის აღძრული.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა გააკეთა.
„დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის და მცხეთა- მთიანეთის საპატრულო პოლიციის აეროპორტის დანაყოფის თანამშრომლებმა დააკავეს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. იგი სტამბული-თბილისის რეისით საქართველოში ბრუნდებოდა. საპატრულო პოლიციის აეროპორტის დანაყოფის მიერ აეროპორტში ასევე დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილის თანმხლები პირი იოსებ გიგუაშვილი“ - განაცხადა გიორგობიანმა.
ირაკლი ოქრუაშვილი დაკავებული იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე (სამსახურებრივი გულგრილობა), 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) 338-ე (ქრთამის აღება) მუხლებით, ხოლო გიგუაშვილი 223-ე (უკანონო ფორმირების შექმნა ან ხელმძღვანელობა/მასში მონაწილეობა/დაფინანსება), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 376-ე (დანაშაულის შეუტყობინებლობა) მუხლებით.