საჯარო რეესტრს, აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს.
ისინი ჟურნალისტებს დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა. მისი გადაწყვეტილებით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს – ყოფილ სამოქალაქო რეესტრს ლევან სამადაშვილი უხელმძღვანელებს. საჯარო რეესტრის თავმჯდომარედ ეკა კერესელიძე დაინიშნა. აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი კი, მიხეილ სარჯველაძე იქნება.
„ლევან სამადაშვილისთვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო კარგად ნაცნობი უწყებაა, ის სამოქალაქო რეესტრის ყოფილი თავმჯდომარის მოადგილე იყო. მანამდე კი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინსიტრის აპარატში მუშაობდა. რაც შეეხება ეკა კერესელიძეს, მას კარგი მენეჯერული გამოცდილება გააჩნია და რაც ჩვენი უწყებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, არის კარგი იურისტი და ადვოკატი. ბოლოს საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიას" იურისტად მუშაობდა და ჩვენ სწორედ იქიდან „მოვიტაცეთ". ასევე, ცნობილი ადვოკატებიდან კარგი იურისტია ბიუროს ახალი ხელმძღვანელი მიხეილ სარჯველაძეც. ის ჩემთვის დასაფასებელია იმ მხრივაც, რომ აქვს ძალიან კარგი თვისებები. არის პატიოსანი და ერთგული, ჩვენი გუნდის ყველა წევრს ეს ახასიათებს, მაგრამ მიხეილს ეს სახეზე ეტყობა" - განაცხადა წულუკიანმა.