თეა წულუკიანი: ოქრუაშვილის სამშობლოში დაბრუნება ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ თავისი უდანაშაულობა ქვეყნის შიგნით დაამტკიცოს

თეა წულუკიანი: ოქრუაშვილის სამშობლოში დაბრუნება ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ თავისი უდანაშაულობა ქვეყნის შიგნით დაამტკიცოს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის სამშობლოში დაბრუნება ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ თავისი უდანაშაულობა ქვეყნის შიგნით დაამტკიცოს, თუ ეს მართლა ასეა.

მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოსკენ დაძვრის შესახებ, მაშინ შეიტყო, როდესაც ის გუშინ ღამით საზღვარს მოუახლოვდა.

„მანადე ჩვენმა უწყებამ ამის შესახებ არაფერი იცოდა. ამის შესახებ ალბათ, უფრო მეტი ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ჰქონოდა. მე ვიცი ერთი რამ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი თავის ბიძასთან, ზურაბ გიგუაშვილთან ერთად გადმოვიდა საქართველოს საზღვარზე. ის, როგორც ძებნილი, გიგუაშვილთან ერთად დაკავებული იქნა და გადაყვანილი იქნა გლდანის მერვე საპყრობილეში. ჩემი ვარაუდით, ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნება უნდა ემსახურებოდეს ერთადერთ მიზანს, რომ მან არა ქვეყნის გარედან, არამედ ქვეყნის შიგნით დაამტკიცოს, თავისი უდანაშაულობა, თუ ეს ასეა“, - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით,  პირადად ის უერთდება პოზიციას, რომ ოქრუაშვილი „ნაციონალური“ ხელისუფლების მიერ  პოლიტიკური ნიშნით დევნილი იყო, თუმცა აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ მის ყველა იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რაც მის წინაშე შეიძლება დაისვას, არის უდანაშაულო.

„არა მხოლოდ ის სამართლებრივი პროცედურები, რაც წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით დაგვხვდა,  არამედ კიდევ სხვა – საქართველოს პარლამენტი მას მიიჩნევს პოლიტიკურ დევნილად და ამ საკითხზე ვრცლად აქვს ნამსჯელი ასევე გერმანიის და საფრანგეთის სასამართლოებსასც, რომლებსაც ის თავის დროზე ლტოლვილის სტატუსით აღჭურვეს. პირადად მე ვუერთდები იმ პოზიციას, რომ ოქრუაშვილი „ნაციონალური“ ხელისუფლების მიერ იყო პოლიტიკური ნიშნით დევნილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის ყველა იმ ბრალდებასთან დაკავშირებით,  რაც მის წინაშე შეიძლება დაისვას, არის უდანაშაულო. ამ ყველაფერს სჭირდება მოკვლევა. მის წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის ბოლო 2011 წლის მაისის მოვლენების წინ, უკანონო ფორმირებების ორგანიზებას შეეხება“, - დასძინა წულუკიანმა.