პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა სიებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა - ეკა ბესელიამ და ზურაბ ტყემალაძემ იჩხუბეს.
გუშინ კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც პოლიტდევნილად 184 ადამიანი გამოცხადდა, ხოლო პოლიტდევნილად - 22 და მათი გვარებიც დასახელდა. კომიტეტის სხდომის დამთავრებისთანავე, ბიუროს სხდომა დაიწყო, რის შემდეგაც ბიუროს ოთახში, ბესელიას ზურაბ ტყემალაძემ ერთ-ერთი პირის სიაში არარსებობის მიზეზი ჰკითხა. ბესელიამ კოლეგას განუცხადა, რომ სიაში იმ პირს ვერ ჩასვამდა, ვისი საქმეც მას მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიუვიდა. უნდა ითქვას, რომ ბესელია გაღიზიანებული ჩანდა, მისი ტონი ტყემალაძეს არ ესიამოვნა და განუცხადა, რომ საკითხის მხოლოდ დაზუსტება სცადა და მას არ ჰქონდა მისი „დატუქსვის“ უფლება. უმრავლესობის წევრებს შორის კამათი რამდენიმე წუთს გაგრძელდა, რის შემდეგადაც ბიუროს დარბაზი დეპუტატებმა დატოვეს. რაც შეეხება ბესელიასა და ტყემალაძეს შორის არსებულ კამათს, ამ დრომდე, გაურკვეველია თუ ვის შესახებ კამათობდნენ კანონმდებლები.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, კომიტეტმა პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა საკითხის განხილვის შემდეგ, 10 წუთიანი შესვენება გამოაცხადა, რომელიც მედიისთვის დახურული იყო, თუმცა, from.ge-ს ინფორმაციით, სიებთან დაკავშირებით, კამათი დახურულ ფორმატშიც გაგრძელდა. ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე სიაში რიგი პირების ჩასმას ითხოვდა და აცხადებდა, რომ ამ პირთა საქმეები განხილული იყო. ბესელიამ კი სიაში, ეს პირები არ ჩასვა და განაცხადა, რომ მათი საქმეები კომიტეტში ხარვეზებით იყო წარდგენილი, რის გამოც, მათი გვარები სიაში ვერ მოხვდებოდა. ბოლოს გადაწყდა, რომ ჯგუფს საქმიანობისთვის დამატებით ორკვირიანი ვადა მისცემოდა, რათა ის საქმეები განიხილოს, რომლებიც კომიტეტში შეტანილია, თუმცა, მათი განხილვა ხარვეზების გამო არ მოხდა.