პარლამენტი პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა სიაზე ისევ მუშაობს

პარლამენტი პოლიტდევნილთა და პოლიტპატიმართა სიაზე ისევ მუშაობს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სიას ამ დრომდე აზუსტებს.

გუშინ კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც პოლიტდევნილად 184 ადამიანი გამოცხადდა, ხოლო პოლიტდევნილად - 22 და მათი გვარებიც დასახელდა, თუმცა, მედიისთვის ეს სია  ამ დრომდე ხელმიუწვდომელია.

From.ge-მ აღნიშნული სიის გადმოცემა კომიტეტის აპარატს სთხოვა, თუმცა, მათ განაცხადეს, რომ სიაზე მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს და სია ხელმისაწვდომი მხოლოდ ხვალ გახდება. კერძოდ, ხელმისაწვდომი ის დადგენილების პროექტი გახდება, რომელიც დასამტკიცებლად ხვალ დანიშნულ პლენარულ სხდომაზე გავა. სწორედ დადგენილების პროექტშია შეყვანილი ის პირები, რომელთა საქმეები კომიტეტთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა ორი კვირის განმავლობაში შეისწავლა.

რაც შეეხება ჯგუფის მუშაობის გაგრძელებას, ჯგუფს საქმიანობისთვის დამატებით ორკვირიანი ვადა მიეცა, რათა ის საქმეები განიხილოს, რომლებიც კომიტეტში შეტანილია, თუმცა, მათი განხილვა ხარვეზების გამო არ მოხდა.

პოლიტიკური დევნილის სტატუსი მისცეს - გოჩა მუხაშავრიას, ივანე ჩიკვინაძეს, შოთა იამანიძეს, ნიკოლოზ კვეზერელს, კახა ხაინდრავს, გიორგი დემეტრაძეს, მელორ ვაჩნაძეს, ლევან გოგიჩაიშვილს და ა.შ ხოლო
პოლიტიკური ნიშნით დევნილების სტატუსი -  ქიბერ ხალვაშს,  ბადრი ბიწაძეს, ირაკლი ოქრუაშვილს, ტარიელ ხალვაშს და ა.შ.

კომიტეტის აპარატის ინფორმაციით, სიაზე მუშაობის პერიოდში, შესაძლოა სია გაიზარდოს, ან პირიქით, რიგი პიროვნებები სიის მიღმა დარჩნენ.