იუისტიციის მინისტრის თეა წულუკიანი განცხადებით, ქალაქის მერის მიმართ არაერთი შეკითხვა არსებობს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ გამოძიების დასაწყებად აუცილებელია კონკრეტული მტკიცებულებების არსებობა.
„ქალაქის მერის მიმართ არსებობს არაერთი შეკითხვა, მაგრამ იმისათვის, რომ სისხლის სამართლებრივი პროცედურის სახე მიეცეს, მთავარია, იქნება თუ არა მტკიცებულებები სახეზე. ეს ჯერ ჩვენ არ ვიცით" - აღნიშნა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრის თქმით, პროკურატურა ასევე ზედმიწევნით შეისწავლის თენგიზ გუნავას საჩივარსაც.
"გუნავას დაკავების შესახებ არის ორი ვერსია. ერთი არის შსს –ის ვერსია და ერთი თავად გუნავას ვერსია. თუკი გუნავას ან ნებისმიერი სხვა პირის დაკავებისას დარღვეული იყო დაკავებულის უფლებები, ეს უნდა გამოიძიოს პროკურატურამ. ამიტომ ის საჩივარი, რომელიც იქნა შემოტანილი, იქნება ზედმიწევნით შესწავლილი. დიდი იმედი მაქვს და ასე ვიცი, რომ ის, რაზეც მიუთითებს ბატონი გუნავა, ასე არ მომხდარა, მაგრამ ერთია რას ვფიქრობ მე და მეორეა, რას დაადგენს გამოძიება"- განაცხადა წულუკიანმა.
მინისტრი ამნისტიის საკითხსაც გამოეხმაურა. წულუკიანი მიიჩნევს, რომ არსებობს მუხლები, რომელსაც ამნისტია არ უნდა შეეხოს.
"ძალოვანი სამინისტროები ვართ იმის მომხრე, რომ ამნისტია შეეხოს იმ პატიმრებს, რომელთა გამოშვებაც არ შეუქმნის საზოგადოებას კრიმინალის პრობლემას. გვაქვს ორი მიზანი, ერთი, რომ დაცული იყოს ადამიანისა და პატიმრების უფლებები და მეორე, დაცული იყოს საზოგადოება კრიმინალისგან. ამ ორი მიზნის მისაღწევად დაგვჭირდება შუალედური გამოსავლის პოვნა, რომელიც არის ის კანონპროექტი, რომელზეც ერთობლივად შევჯერდით. მე ყოველთვის ვიყავი და ვიქნები წინააღმდეგი ისეთი მუხლებით მსჯავრდებულთა ვადაზე ადრე გათავისუფლების, რომლებიც სასჯელს ადამიანებით ვაჭრობის მუხლებით იხდიან" - განაცხადა წულუკიანმა.