კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი დათა ახალაიასთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.
ზაქარეიშვილი იმედოვნებს, რომ გამოძიების პროცესში „პროცესუალურ ანტაგონიზმს“ ადგილი არ ექნება.
მისი თქმით, გამოძიება უნდა წარიმართოს ობიექტურად და არა მხოლოდ გამამტყუნებელი მიმართულებით.
„მსურს სამართალწარმოებაში დავამკვიდრო ახალი ტერმინი და გამოვხატო იმედი, რომ გამოძიების პროცესში ადგილი არ ექნება „პროცესუალურ ანტაგონიზმს“, მტკიცებულებათა და გარემოებათა წინასწარ შეფასებებს. როგორც დაცვის, ასევე იმედია, ბრალდების მხარე, გააკეთებენ მაქსიმუმს, რათა დადგენილ იქნას ობიექტური ჭეშმარიტება. გარწმუნებთ, დავით ახალაიას მიმართ არსებულ ყველა შეკითხვას დასაბუთებული პასუხი გაეცემა“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, დათა ახალაიასადმი პროკურატურის ინტერესი სანდრო გირგვლიანის საქმესაც უკავშირდება.
„დათა ახალაია არაერთ საქმეში ფიგურირებდა, სანამ ჩვენ მოვიდოდით ხელისუფლებაში. ერთ-ერთი პირველი არის გირგვლიანის საქმე. გირგვლიანის საქმეზე მიმდინარეობს სხვადასხვა ტიპის ქმედებები, რათა განახლდეს გამოძიება. ამ მხრივ მნიშვნელოვნად წავიწიეთ წინ, თუმცა, რაიმე ტიპის ინფორმაციის გამოქვეყნებისგან თვის ბოლომდე თავს შევიკავებდი, რადგან თვის ბოლოს ჩვენ გაგვდის ვადა, წარვადგინოთ მინისტრთა კომიტეტში პოზიცია, თუ როგორ ვაპირებთ ამ საქმის გამოძიებას. არ მაქვს სურვილი, რომ ამ ნაბიჯების შესახებ საზოგადოებამ და მედიამ მანამდე შეიტყოს, სანამ თავად სანდრო გირგვლიანის მამა არ შეიტყობს. ჩვენ მას მოვიწვევთ მთავარ პროკურატურაში და ჩავაბარებთ ანგარიშს, თუ როგორ ვიძიებთ ამ საქმეს“, - განაცხადა წულუკიანმა.