საქართველოს პრეზიდენტს ბატონ მიხეილ სააკაშვილს
პრემიერ-მინისტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს
პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ ეკა ბესელიას
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ბატონ ვახტანგ ხმალაძეს
იუსტიციის მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიანს
შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ბატონ დავით სერგეენკოს
სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდული დახმარების მინისტრს ბატონ სოზარ სუბარს
სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს ქალბატონ ტატა ხუნწარიას
უფლებადამცველი და ნარკოტიკების არასამედიცინო მიზნით მოხმარების შედეგად გამოწვეული ზიანის შემცირების სფეროში მომუშავე ორგანიზაციების მიმართვა
საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკასა და კანონმდებლობასათან დაკავშირებით უფლებადამცველი და ზიანის შემცირების სფეროში მომუშავე ორგანიზაციები, პროფესიული და ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებული თემის წარმომადგენლები ვთანხმდებით შემდეგ ძირითად პრინციპებზე:
გაეროს კონვენციების შესაბამისად, სახელმწიფომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემა გლობალური პერსპექტივიდან უნდა განიხილოს. ამის გათვალისწინებით მიზანშეწონილია საქართველოს ანტი-ნარკოტიკული სტრატეგია ევროკავშირის სამოქმედო გეგმას მიესადაგებოდეს.
ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა უნდა ემყარებოდეს შემდეგ ძირითად დებულებებს:
- მიღწეულ და შენარჩუნებული იქნება ბალანსი, რომლის შედეგადაც ნარკოტიკებზე მოთხოვნის/მიწოდების/ზიანის შემცირება და წამალდამოკიდებულთა მკურნალობა თანაბარი მნიშვნელობისაა და შესატყვისად ფინანსდება
-გათვალისწინებული იქნება ისეთი ნორმები, რომელთა ეფექტურობა დადასტურებულია მტკიცებულებით და მიმართული იქნება პრობლემურ თემზე მათი
სპეციფიური მოთხოვნების, ნარკოტიკის ტიპის და სხვა ღირებული ფაქტორების გათვალისწინებით
-დაფუძნებული იქნება ადამიანის უფლებათა უზენაეს ღირებულებაზე
-გაითვალისწინებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრინციპებს
-შემუშავდება გამჭვირვალობის და თანამონაწილეობის პრინციპით
მსოფლიო პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ საკმაოდ ძვირადღირებულმა სადამსჯელო ღონისძიებებმა თითქმის ვერ იქონია გავლენა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაზე, გავრცელების მასშტაბის შემცირებასა და ნარკოტრაფიკზე. სამაგიეროდ ასეთი მიდგომების შედეგია მომხმარებელთა კრიმინალიზაცია, შესაბამისად მათი მარგინალიზაცია და ინფექციების მართვის სრული კოლაფსი.
არაერთი სამეცნიერო კვლევა მიუთითებს, რომ ზიანის შემცირების პროექტების განხორციელება ამცირებს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულს, ხელს უწყობს ნარკოტიკების მომხმარებელთა რესოციალიზაციას, ამცირებს აივ ინფექცია/შიდსის, C ჰეპატიტის და სხვა საზოგადოებისთვის საშიში დაავადებების გავრცელებას, ამცირებს დოზის გადაჭარბების შედეგად დამდგარ სავალალო შედეგებს. წამალდამოკიდებულთა მკურნალობის, რეაბილიტაციის და ზიანის შემცირების პროგრამების გაფართოება და მათი ხელმისაწვდომობა აგრეთვე მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჯანმრთელობის უფლების დაცვას და საქართველოს მიერ გაეროს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის სრულყოფილ იმპლემენტაციას.
აღსანიშნავია, რომ ნარკოტიკების მოხმარება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველოშია კრიმინალიზებული, რაც ერთი მხრივ აღრმავებს სტიგმასა და დისკრიმინაციას, მეორე მხრივ, კი ეჭვქვეშ აყენებს წამალდამოკიდებულთა მკურნალობის და აივ/შიდსის პრევენციის პროგრამების ეფექტურობას. საბოლოო ჯამში კი ეს ხელს უშლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჭრილში ამ პრობლემის მოგვარებას. რეპრესიული ნარკოპოლიტიკა განაპირობებს იმას, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები მხოლოდ მოხმარების გამო კრიმინალებად არიან მიჩნეული და ხვდებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, სადაც მათ, საჭიროების შემთხვევაში, არ უტარდებათ მკურნალობა-რეაბილიტაციის ღონისძიებები. მსოფლიო სტატისტიკა კი მოწმობს, რომ იმ წამალდამოკიდებულ პირთა უმრავლესობა, რომელთაც ციხეში მკურნალობა არ ჩატარებიათ, გათავისუფლების შემდეგ საშუალოდ ერთი წლის განმავლობაში უბრუნდებიან ნარკოტიკების მოხმარებას.
აუცილებელია საქართველოში დაიხვეწოს არსებული ნარკოკანონმდებლობა, რათა ქვეყანაში შეიქმნას შესაბამისი საკანონმდებლო გარემო წამალდამოკიდებულთა მკურნალობის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და ზიანის შემცირების პროგრამების განხორციელებისათვის. ამისთვის საჭიროა საკმარისი პოლიტიკური ნების გამოჩენა და საქართველოს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, რის შედეგადაც მოხდება ნარკოტიკების მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმება, გაიმიჯნება მომხმარებლისა და გამსაღებლის კანონის
წინაშე პასუხისმგებლობის ზღვარი, განისაზღვრება ნარკოტიკების მომხმარებელთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის დაფინანსების წყაროები.
საქართველოში ნარკოტიკების მოხმარებისთვის ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი ხვდება ციხეში, ვიდრე სამკურნალო დაწესებულებაში. საპატიმროებში ყოველი მათგანის შენახვის საფასურად შესაძლებელია 3-5 წამალდამოკიდებულის მკურნალობა (გააჩნია მკურნალობის მეთოდს). ამავდროულად, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მკურნალობა პატიმრობაზე გაცილებით ეფექტურია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი კუსტარული ოპიოიდების (დეზომორფინი, “ნიანგი”) გავრცელების გამო მკვეთრად იმატა ზედოზირების შემთხვევებმა. ამ დროს პაციენტის თანმხლები პირები უარს აცხადებენ სამედიცინო დაწესებულებისადმი მიმართვაზე, ვინაიდან არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ექიმი ვალდებულია ასეთი შემთხვევის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს აცნობოს. ამის გამო ბევრი თანამოქალაქე დგება არჩევანის წინაშე – დადგეს სიკვდილის საფრთხის წინაშე ან პრობლემები შეიქმნას კანონთან. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ სიცოცხლის უფლება არ უნდა იყოს ამგვარი არჩევანის საგანი და ის უპირობოდ, ყოველგვარი სამართლებრივი დევნის გარეშე უნდა იყოს გარანტირებული სახელმწოფოს მიერ.
აქედან გამომდინარე, საჭიროდ მიგვაჩნია შემდეგი:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიდან ამოღებულ უნდა იქნას 273-ე მუხლი: "პირადი მოხმარებისათვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება". სისხლის სამართლის კოდექსიდან პირადი მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის ამოღება და მისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფარგლებში მოქცევა, რომლის დროსაც დაცული იქნება კონფიდენციალობის უფლება, შეესაბამება გაეროს კონვენციებსა და ქვეყნის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს.
- გადაიხედოს “უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა”, რადგან მოქმედი კანონმდებლობით, არ არის განსაზღვრული მრავალი ნარკოტიკული საშუალების (მათ შორის, ექსტაზის (MDMA), ეფედრონის) მცირე ოდენობა და, შესაბამისად, ამ ნარკოტიკების ნებისმიერი ოდენობა, რომელიც შეიძლება აღმოაჩნდეს ადამიანს, კვალიფიცირდება, როგორც დიდი ოდენობა.
- სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს მძიმე დაავადებების მქონე პატიმართა მუდმივმოქმედ კომისიაში, სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგის ჯგუფში და პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიაში მოხდეს ზიანის შემცირების ორგანიზაციების წარმომადგენლების და ექსპერტთა ჩართვა, რადგან პრობაციონერთა დაახლოებით 60% და პატიმართა მნიშვნელოვანი რაოდენობა ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვისაა მსჯავრდებული.
- სახალხო დამცველის აპარატთან შეიქმნას ცენტრი, რომელიც ნარკო საკითხებზე იმუშავებს.
გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას მონაწილეობა მივიღოთ ნარკოტიკების მოხმარების დარგში ეფექტური ნარკოკანონმდებლობის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფორმირების პროცესში.
მიმართვის მხარდამჭერები:
- „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“
- სგგი/აივ/შიდსის სამუშაო ჯგუფი (PTF)
- ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“
- ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“
- დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრი
- ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი
- ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი
- გლობალური პროექტების განმახორციელებელი ცენტრი (GPIC)
- ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს სამდივნო
- შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდი
- ციხის საერთაშორისო რეფორმა (Penal Reform International)
- "კონსტიტუციის 42-ე მუხლი"
- ასოციაცია "ჰერა XXI"
- "ვორლდ ვიჟენ საქართველო" (World Vision Georgia)
- ადამიანის უფლებათა ინსტიტუტი
- „მსოფლიო ექიმები საფრანგეთი - საქართველოს წარმომადგენლობა (MDM-
France)
- კავშირი „ალტერნატივა ჯორჯია“
- სამედიცინო ფსიქოლოგიური კავშირი "ნაბიჯი მომავლისკენ"
- ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია "ქსენონი"
- კავშირი "იმედი"
- საზოგადოებრივი გაერთიანება "ბემონი"
- სამედიცინო ცენტრი "ურანტი"
- ფსიქო-სოციალური ინფორმაციისა და კონსულტაციის ცენტრი "ახალი გზა"
- განათლების ეროვნული განვითარების, სოც. რეაბილიტაციისა და ისტორიულ
ღირებულებათა დაცვის ასოციაცია "ორდუ"
- „დაავადებათა პრევენციის, კონტროლისა და გაუვრცელებლობის ასოციაცია“
- „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი“ (ძდექ)
- ქალთა კლუბი "პეონი"
- „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“
- საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი "თანადგომა"
- ,,პოზიტიური არჩევანი"
- რეაბილიტაციის და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი ,,თანაზიარი"
- კავშირი ,,ჰეპა პლუსი"
- კავშირი ,,ახალი ვექტორი"
- აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ პირთა კავშირი ,,თანადგომა"
- „ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია“
- „ფენიქსი-2009“
- „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი“
- "რეალური ხალხი, რეალური ხედვა"
- ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირი