20 ნოემბერს, 19:30 საათზე გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ (მის: წერეთლის გამზ.118, მე- 3 პავილიონი) საერთაშორისო სამეცნიერო - საგანმანათლებლო კონკურსის - Quarry Life Award „ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა კარიერებზე“ დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება.
ცერემონილზე დასახელდებიან კონკურსის გამარჯვებულები, რომელთაც კომპანია ჰაიდელბერგცემენტი ფულად პრიზებს - 5000, 3000 და 1500 ევროს გადასცემს.
ღონისძიებას დაესწრებიან ჰაიდელბერგცემენტის წარმომადგენლები, კონკურსის ჟიურის წევრები, მეორე ეტაპზე გადასული 5 კანდიდატი, ასევე გარემოს დაცვითი ორგანიზაციების და სხვადასხვბა სახელმწიფო უნივერსიტეტების ეკოლოგიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
შეგახსენებთ, რომ ჰაიდელბერგცემენტმა კონკურსი - Quarry Life Award „ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა კარიერებზე“ 2011 წლის 15 დეკემბერს გამოაცხადა. კონკურსი ერთდროულად 18 ქვეყანაში ტარდებოდა, რომელიც მიზნად კარიერებზე ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობას ისახავდა. კონკურსში, რომელიც 2 ეტაპს მოიცავდა - იდეის წარდგენა და პროექტის ანგარიში, მონაწილეობის მიღება შეეძლოთ სტუდენტებსა და მკვლევარებს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მასში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ვებ-გვერდზე - www.quarrylifeaward.ge მიმდინარეობდა. 17 თებერვალს, საპროექტო წინადადებების მიღება დასრულდა.
საერთაშორისო სტატისტიკის მიხედვით საუკეთესო შედეგები საქართველომ აჩვენა და შემოსული 53 პროექტით ლიდერის პოზიცია დაიკავა. 5 მარტს ეროვნულმა ჟიურიმ შემოსული იდეებიდან II ეტაპზე გადასასვლელად 5 საუკეთესო გამოავლინა, რომელთა ავტორებმა პროექტის საბოლოო მოხსენებითი ანგარიში სექტემბრის ბოლოს წარადგინეს. ეროვნულ დონეზე გამარჯვებულებს ჟიური ოფიციალურად 20 ნოემბერს დაასახელებს. თითოეულ ქვეყანაში შერჩეული პროექტები პარალელურ რეჟიმში გლობალურ კონკურსზე ბელგიაშიც განიხილება.
ჰაიდელბერგცემენტი არის სამშენებლო მასალების წარმოების ერთ-ერთი აღიარებული ლიდერი გლობალურ ბაზარზე და შედის ცემენტისა და ბეტონის მწარმოებელთა სამეულში მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიის კუთვნილ 2500 საწარმოში, რომლებიც მსოფლიოს 40 ქვეყანაში არის განთავსებული, 53 000 თანამშრომელია დასაქმებული.