„მე წავალ, ჩემს შემდეგ სინათლეს დავტოვებ“(VIDEO)

„მე წავალ, ჩემს შემდეგ სინათლეს დავტოვებ“(VIDEO)

დღეს, 19 ნოემბერს, „მეფე" ირაკლი ჩრკვიანს 51 წლის იუბილე აქვს.

„ისინი ვინც სიცოცხლეშივე აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფეები, რჩებიან ისტორიას, აღელვებენ მომავალ თაობებს და სიცოცხლეშვე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ჰქვია." „მე უბრალოდ წამოვწვები და გადავიხურავ ბალახიან მიწას, სულ ეს არის და ეს"

მართლაც ასე მოხდა. მან მიაღწია, ის დარჩა ისტორიას და მომავალი თაობებიც ააღელვა თავისი შემოქმედების უკვდავობით. ირაკლი ჩარკვიანმა „დროს გაუძლო" და ვერაფერი დააკლო მას „გაფრენამ“... მეფე დღესაც მშვიდად ცურავს, ყველა მსმენელის ფიქრში, გონებაში, აზროვნებაში...

ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალური მოღვაწეობა  1976 წელს, ჯგუფ „არიშთან" ერთად დაიწყო. მუსიკოსის შემდეგი ჯგუფი იყო, ნაკლებად ცნობილი „ტაქსი," რომელშიც აგრეთვე უკრავდნენ დადა დადიანი, ბიჭიკო ოსიპოვი და კახა კიკაბიძე. მისი პირველი ალბობი 1988 წელს გამოვიდა, იგივე სახელწოდებით,- „ტაქსი" და მსმენელის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.  

„ტაქსის" წარმატების პიკი იყო 90-იანების დასაწყისი. შემდეგი პროექტები იყო: ელეტრონულ-ალტერნატიული ჯგუფი „Childrens Medicine" (საბავშვო მედიცინა) (1991-1992);" Georgian Dance Empire" (1993, ელექტრონული მუსიკა); „Daira" (1997) - ამ უკანასკნელ პროექტში ირაკლისთან ერთად მონაწილეობდა დადა დადიანი.

სოლო კარიერა დაიწყო სიმღერით "War is Over". მისი პირველი სოლო-დისკი, „Svan Songs" (ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს,გერმანიაში) მომღერლის მნიშვნელოვანი დებიუტი იყო, ის დღემდე ითვლება 90-იან წლებში ჩაწერილი ქართულენოვანი ალტერნატიული დისკების ერთ-ერთ მთავარ ნიმუშად.

1994-1995 წლებში ირაკლი მუშაობდა მუსიკაზე კინოფილმისათვის „ორფეოსის სიკვდილი."

1997 წელს გამოიცა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი „აფრენ." შემდეგ გამოჩნდა სიმღერა „საქართველო," 2000 წელს კი „ უსაფრთხოება." ირაკლის მორიგი სტუდიური დისკი „ამო" 2001 წელს ვიდოკლიპებთან ერთად გამოვიდა. ალბომი ცნობილია სიმღერებით „სექსი" და „ორღანი78."

2004 წელს კი გამოჩნდა ალბომი „სავსე", ამ ალბომმა ირაკლის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ახალი ტალღის გამოჩენა გამოიწვია. დაიწყო ახალი ეტაპი.

„იმდენად ამოწურული ვარ და იმდენად სავსე,- ამიტომ ჰქვია ალბომსაც ასე,- „სავსე" ამბობდა თავად მომღერალი.

ეს პერიოდი გამოირჩევა ირაკლის შემოქმედებითი აქტიურობით. ის მუშაობდა ბევრ ახალ სიმღერაზე და, პარალელურად, საკმაოდ ხშირად იღებდა ახალ ვიდეოკლიპებს საკუთარ სიმღერებზე.აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად „მეფე" აირჩია. „ყოველი ჩვენგანი ოდესმე ხდება მეფე, უმრავლესობა სიკვდილის ბოლოს, სიკვდილამდე ორი წუთით ადრე ეუფლება, მაგრამ მეფობა ისევე გარდაუვალია როგორც მონობა." - წერს ის თავისივე რომანში „მშვიდი ცურვა"

2006, წლის 25 თებერვალს, მეფემ სხვა განზომილებაში გადაინაცვლა. ის საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მოგვიანებით, 2007 წელს, ცნობილმა მუსიკოსებმა მის ხსოვნას მიუძღვნეს ალბომი „ქაღალდის გემი". ალბომის შექმნაში მონწილეობდნენ, ჯგუფები: „33ა", „მწვანე ოთახი", „Outsider", „ვაკის პარკი", „The Young Georgian Lolitaz" და სხვა შემსრულებლები. მოგვიანებით გამოიცა მის სიცოცხლეშივე ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა,-ბოლო სტუდიური ალბომი „ძირს მეფე".