საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა კახი კალაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ამჟამად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან შეთანხმებით, კომპანიებთან ტარიფების დაწევასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
კალაძის განმარტებით, კონტრაქტი, რომელსაც სემეკ-ი ტარიფის შეუცვლელობის საბაბად იშველიებს, „ინტერ რაოესთან“ ახალი გაფორმებული არ არის.
„ეს მემორანდუმი რამდენიმე წლის წინ გაფორმდა და მის თანახმად, „ინტერ რაოესს“ 2025 წლამდე 370 მილიონამდე ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. ეს პროცესი დაწყებულია და ეხება გამრიცხველიანებას, არსებული ქსელების რეაბილიტაციას. მათ, ასევე, ჰქონდათ ახალი ჰესების აშენების ვალდებულება, რაც საბოლოოდ ტარიფში აისახებოდა. ამ საკითხებზეც გვექნება საუბარი „ინტერ რაოესის“ წარმომადგენლებთან“, - განაცხადა კალაძემ.
მინისტრი თქმით, „ინტერ რაოს“ სამუშაო ჯგუფი თბილისში ხვალ ჩამოვა, ხოლო სამუშაო შეხვედრები ოთხშაბათიდან დაიწყება.