სანდრო თვალჭრელიძე: კვიტაშვილის მეშვეობით, თსუ-ში  „ნაციონალური მოძრაობის“ ხელშემწყობი კადრები უნდა გაზრდილიყო

სანდრო თვალჭრელიძე: კვიტაშვილის მეშვეობით, თსუ-ში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელშემწყობი კადრები უნდა გაზრდილიყო

მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სანდრო თვალჭრელიძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს რექტორის ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

როგორც მან For.ge-ს პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აკადემიური საბჭოს სირცხვილია ის ფაქტი, რომ მან ერთხმად დაუჭირა მხარი ალექსანდრე კვიტაშვილის კანდიდატურას.

„ძირითადად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები იყვნენ გამოჩენილი მეცნიერები. პირველი იყო პეტრე მელიქიშვილი, შემდეგ ივანე ჯავახიშვილი, შემდეგ მოდის წითელი კომისრების სერია 1942 წლამდე, შემდეგ კი ალექსანდრე ჯანელიძე, ილია ვეკუა, ნიკო კეცხოველი, გიორგი ძოწენიძე და ა.შ.  ეს გრძლდება ალექსანდრე კვიტაშვილამდე. აქედან გამომდინარე, მე მიმაჩნია, რომ ამ რექტორის შემთხვევაში გატარდა ისეთივე პოლიტიკა, როგორიც 1937 წელს წითელი კომისრების დანიშვნით - ისინი ზრდიდნენ კომკავშირელებს. კვიტაშვილის დანიშვნით კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა გაზრდილიყო ახალგაზრდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელშემწყობი კადრები“, - განაცხადა თვალჭრელიძემ.

როგორც მან აღნიშნა, უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რეპუტაცია უნდა აღიდგინოს და  რექტორის ობიექტური არჩევნები ჩაატაროს.

„მოვუწოდებ უნივერსიტეტის აკდემიურ საბჭოს, დაიბრუნოს თავისი კუთვნილი საპატიო ადგილი, აღიდგინოს თავისი რეპუტაცია, მოუხსნას სასამართლოს 19-მდე პროცესი, დანიშნოს ობიექტური კომისიის წევრები, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ადამიანები, რომლებიც რექტორის ბრძანებულებებს არ შეასრულებენ. სასწრაფოდ მოიწვიონ აკადემიური საბჭოს სხდომა და ობიექტურად ჩაატარონ ახალი რექტორის არჩევნები“, - აღნიშნა სანდრო თვალჭრელიძემ.