საპარტნიორო ფონდი დიმიტრი გვინდაძემ და ირაკლი ეზუგბაიამ დატოვეს

საპარტნიორო ფონდი დიმიტრი გვინდაძემ და ირაკლი ეზუგბაიამ დატოვეს

საპარტნიორო ფონდი ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის ნიკა გილაურის შემდეგ, მისმა მოადგილემ ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და „საქართველოს რკინიგზის" ყოფილმა ხელმძღვანელმა ირაკლი ეზუგბაიამ დატოვეს.

გარდა ამისა, ფონდში ახალი მენეჯმენტის მისვლიდან ორი კვირაში სხვა ცვლილებებიც გახორციელდა.

საპარტნიორო ფონდში აცხადებენ, რომ სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეთა ახალი საშტატო განრიგი განისაზღვრა. კერძოდ, აღმასრულებელ დირექტორს ამიერიდან ექვსის ნაცვლად, ორი მოადგილე ეყოლება.

ფონდში ამოქმედდება საინვესტიციო საბჭო, რომელიც პროექტების შეფასებასთან ერთად საკრედიტო, საფინანსო, ლიკვიდობის, რეპუტაციული და სხვა სახის რისკების ანალიზს მოახდენს. საბჭო ფონდის როგორც აღმასრულებელ, ისე სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს განსახორციელებელ პროექტებს მათ პერსპექტიულ ანალიზთან ერთად.

მათივე ცნობით, რეორგანიზაციის პირველი ეტაპის შედეგია საპარტნიორო ფონდის მთლიანი სახელფასო ფონდის 30%-ით შემცირება.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ამ ეტაპზე არსებული პროექტების გაგრძელების თაობაზე ეკონომიკურად მართებული და უშეცდომო გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დამატებით მათ დამოუკიდებელ ექსპერტულ შესწავლასა და ანალიზს.