პარლამენტში „ამინისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, პროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს, დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უმცირესობის წევრმა, მარიამ საჯაიამ განაცხადა, რომ წლების წინ, საქართველო ერთ-ერთი კრიმინალური ქვეყანა იყო, ამჟამად კი, ქართული სახელმწიფო ევროპაში ერთ-ერთი უსაფრთხოა ქვეყანა გახდა.
საჯაიას უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია გამოეხმაურა და ოპონენტს ურჩია ქართულ საზოგადოებასთან მიმართებაში „კრიმინალურ მენტალიტეტს“ ნუ გამოიყენებდა.
„ამ სიტყვების გამოყენებისას ფრთხილად უნდა იყოთ. გირჩევთ, რომ მსგავს სიტყვებს ნუ გამოიყენებთ. ერს ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას“, - დასძინა მან.
კომიტეტის სხდომაზე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა აქცენტი საჯარიას ასაკზე გააკეთეს, რასაც უმცირესობის წევრის პროტესტი მოჰყვა.
„ჩემს ასაკზე ნუ საუბრობთ“, - მიმართა მან კომიტეტში მყოფ ადამიანებს და სწორედ მის რეპლიკას მოჰყვა უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს შორის დაპირისპირება.
უმცირესობის წევრმა, თამარ ბოკუჩავამ კომიტეტს მოუწოდა ყველა დეპუტატის უფლება იყოს დაცული.
„ერთ-ერთი კოლეგის ასაკზე მოვისმინეთ შეურაცხყოფა და მოწვეულ სტუმრებს, კერძოდ, ნანა კაკაბაძეს კორექტულობისკენ მოვუწოდებ“, - დასძინა მან.