საქალაქო სასამართლოს სპიკერმოსამართლე ეკა არეშიძის განცხადებით, შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავას საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2013 წლის 3 იანვარს გაიმართება.
არეშიძის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ თენგიზ გუნავასათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე და მას შეეფარდა გირაო 10 ათასი ლარის ოდენობით და გირაოს გადახდის ვადად 10 დღე განესაზღვრა.
„სასამართლომ ბრალდებულ თენგიზ გუნავას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, მხედველობაში მიიღო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული, ქმედების ხასიათი, სასამართლოსთვის თავის არიდების რისკი, არის დაოჯახებული და აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ასევე საქმეზე შემშვებლობის მქონე პირების მიმართ ზემოქმედების და ხელის შეშლის საფრთხე“, - განაცხადა არეშიძემ.
მისივე თქმით, თენგიზ გუნავას ბრალად ედება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება.