ისრაელის მოქალაქეებს სწავლა და მუშაობა აფეთქებებისა და სირენების აკომპანიმენტის თანხლებით უწევთ. მიწისქვეშა თავშესაფრები კი, დაბომბვების გამო მათ მეორე სახლად იქცა. მოქალაქეებს მათთვის თავის შეფარება ყოველი სირენის შემდეგ უწევთ.
აფეთქებების და სირენების ხმა დედაქალაქ თელ-ავივში სისტემატურად ისმის. ჰამასი ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო იერიშებს ყოველდღე ახორციელებს. მათ შორის აშდოდზე, ჰან-იავნეზე, აშქელონზე, ბეერ-შევიზე.
იერიში ძირითადად „გრადებით“ ხორციელდება.
დღეს დილით, ისრაელის ხელისუფლებამ ჰამასის ლიდერებს ცეცხლის შეწყვეტისთვის 36 საათიანი ვადა მისცა. ქვეყნის ფინანსთა მინისტრ იუვალ შტაინიცის განცხადებით, ჰამასი თუ ისრაელის ტერიტორიის დაბომბვებს არ შეწყვეტს და ღაზას სექტორში შეიარაღების უკანონო შეტანას გააგრძელებს, საქმე შესაძლოა „საკითხის სრულ სამხედრო გზით გადაწყვეტამდე“ მივიდეს.
რეგიონში სიტუაციის დარეგულირებისთვის დიპლომატიური მოლაპარაკებები, თელ-ავივის მიერ ღაზას სექტორის დაბომბვის და ჰამასის მიერ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის ფონზე მიმდინარეობს. მოვლენებს უკვე ემსხვერპლა 80-მდე პალესტინელი და ისრაელის 3 მოქალაქე.