პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „ამინისტიის შესახებ“ კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა არ მოხდება.
როგორც ჟურნალისტებს კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე პროექტთან დაკავშირებით, სამინისტროებიდან მიღებულ შენიშვნებს განხილავენ.
მისი თქმით,კანონოპროექტის მუხლობრივი განხილვა კომიტეტის მომავალ სხდომაზე მოხდება.
ამასთან, დღეს გახდება ცნობილი იმ პოლიტპატიმართა ვინაობა, რომელთა საქმეების შესწავლაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტთან არსებულმა ჯგუფმა მოახდინა.
შეგახსენებთ, რომ „ამინისტიის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ორ წამყვან კომიტეტს პირველი მოსმენით 16 ნოემბერს უნდა განეხილა, ქუთაისში დეპუტატების არყოფნის გამო გადაიდო. დღეს კი სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
რაც შეეხება პროექტს, ცვლილებებით, სასჯელისგან თავისუფლდებიან პირობით მსჯავრდებული პირები სასჯელის ვადისა და დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად. სასჯელისგან თავისუფლდებიან ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის თავისუფლების აღკვეთაშეფარდებული მსჯავრდებულები. ამ მიმართულებით ამნისტია ”სისხლის სამართლის კოდექსის” მხოლოდ 15-მდე მუხლით მსჯავრდებულ პირს არ შეეხება.
ასევე, პროექტის მიხედვით, სასჯელისგან თავისუფლდებიან მიმდინარე წლის 6 ნოემბრამდე გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირები, ხოლო ამავე პერიოდამდე ჩადენილ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა, აგრეთვე გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულთა გამო აღძრული საქმეები ყველა საგამოძიებო ორგანოში შეწყდება. მათ არც სასამართლოები განიხილავენ.
გაუნახევრდებათ სასჯელი არასრულწლოვნებს, ქალებს და პირველად ნასამართლევ პირებს, რომლებიც ბრალდებულნი ან მსჯავრდებულნი არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის სსკ-ის რიგი მუხლების საფუძველზე. პროექტის ერთ-ერთი მუხლის გათვალისწინებით, სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო წლებში დამკვიდრებული არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის გამო, ამნისტიის აქტის მიღების დღემდე დაპატიმრებულ ყველა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირს მოსახდელი (დარჩენილი) სასჯელის ვადა 1/3-ით უნდა შეუმცირდეს.
ამასთან, დანაშაულთა ერთობლიობის შემთხვევაში სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით სხვადასხვა მუხლებით შეფარდებული სასჯელის შემთხვევაში, ამნისტია თითოეული მუხლით დანიშნული სასჯელისათვის ცალ-ცალკე იმოქმედებს.
„ამნისტიის პროექტი“ ნასამართლეობის მოხსნასაც ითვალისწინებს. ამასთან დაკავშირებით პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ნასამართლეობა, მსჯავრდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შემდეგ, მის საზოგადოებაში სრულყოფილად ინტეგრაციისთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს. ბოლო წლებში სასამართლოების მიერ გამოტანილ განაჩენთა ნდობის დაბალი მაჩვენებლის ფონზე კი, ”ამნისტიის პროექტის” ინიციატორებს ამნისტირებულ პირთათვის სასჯელისგან გათავისუფლების პარალელურად ნასამართლობის მოხსნაც მიზანშეწონილად მიაჩნიათ.
თუმცა, ამნისტია არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმა იქნა შეფარდებული. ასევე დამატებითი სასჯელი, რომელიც თავის დროზე ამნისტირებულ მსჯავრდებულებს შეეფარდათ, ძალაში რჩება და კანონის ამოქმედება მასზე არ გავრცელდება.