სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, ამნისტია საპატიმროების განტვირთვისთვის ყველაზე სამართლიანი გზა არ არის, თუმცა წინა ხელისუფლების ქმედებების გამოსასწორებლად, ამ ეტაპზე, ამნისტია აუცილებელია.
ამის შესახებ სუბარმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ამნისტია, თავისი ბუნებით, საპატიმროების განტვირთვისთვის ყველაზე სამართლიანი გზა არ არის. ის მუხლებს ზოგადად ეხება და შესაძლოა, ისეთი პატიმარი გათავისუფლდეს, ვისაც 5 წელი აქ მოსახდელი, ან სულ რაღაც დღეები აქვს დარჩენილი. თუმცა, წინა ხელისუფლების ქმედებების გამოსასწორებლად, ამ ეტაპზე, ამნისტია აუცილებელია“, -განაცხადა სუბარმა.
სუბარი საპატიმროების განტვირთვისთვის ისეთი გზების გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში გაცილებით სამართლიანი იქნება.
„სასჯელის შეკრებითობის პრინციპი უნდა გადაიხედოს და საჭიროა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმის ეფექტურად გამოყენება“,- განაცხადა სუბარმა.