აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ბაციკაძე აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოხსნას მოითხოვს.
ამის შესახებ დავით ბაციკაძემ ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე ლევან ვარშალომიძის სახლთან გამართულ ბრიფინგზე განაცხდა. მისი თქმით, ვარშალომიძის მიერ სახელმწიფო დაცვის სამსახურის მომსახურება ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვაა.
„ლევან ვარშალომიძემ და მიხეილ სააკაშვილმა ჯერ ვერ გააცნობიერეს, რომ დღეს სხვა რეალობაა და უკანონო ქმედებები არავის გაუვა. კანონის მიხედვით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური შეიძლება ადამიანს ემსახურებოდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ის თანამდებობის პირია ან და თანამდებობიდან გადამდგარი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლის სიცოცხლესაც ემუქება საფრთხე. თუმცა, ასეთ რამ ჩვენ არ გაგვიგია. ლევან ვარშალომიძე დაცვით უკანონოდ სარგებლობს. სპეციალური დაცვის სამსახურისგან მოვითხოვ, მოეხსნას დაცვა ვარშალომიძეს და ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა შეჩერდეს" - განაცხადა ბაციკაძემ.