შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილმა უფროსმა თენგიზ გუნავამ გლდანისN8-ე საპყრობილიდან გამოსვლის შემდეგ, განაცხადა, რომ მისი მისამართით უკანონობა განხორციელდა და ამ ფაქტის გამოძიებას მოითხოვს.
შესაბამისად, მისი თქმით, ის დღეს მთავარ პროკურატურაში საჩივარს შეიტანს.
„ჩემი მისამართით უკანონობა განხორციელდა და აღნიშნულთან დაკავშირებით შევიტან სარჩელს იმ ხალხის მისამართით, ვინც ჩემს წინააღმდეგ ეს უკანონობა ჩაიდინა“, - განაცხადა გუნავამ.
ადვოკატების განმარტებით, გუნავას საქმეში არსებობს მთელი რიგი პროცესუალური დარღვევები, რომელთა გამოძიების მოთხოვნითაც მთავარ პროკურატურას მიმართავენ. ადვოკატ გიორგი ონიანის ინფორმაციით, თენგიზ გუნავა სამართალდამცავებმა 16 ნოემბერს, ღამის 02:00 საათზე სადარბაზოსთან დააკავეს, რის შემდეგაც ნარკოტიკული ნივთიერება და იარაღი ჩაუდეს.
გუნავას დაცვის მხარე მთავარ პროკურატურას დღეს მოთხოვნით მიმართავს, მოხდეს იმ პირთა ქმედების შესწავლა, რომლებმაც გუნავას იარაღი და ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ შსს-ს გენინსპექციის უფროსს თენგიზ გუნავას აღმკვეთი ღონისძიების სახით, 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლების საფუძველზე აქვს წაყენებული, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ნარკოტიკების მოხმარებას გულისხმობს.