სანკტ-პეტერბურგში 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე ქართული კინოს ფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ძველი ქართული მუნჯი, ლეგენდარული და თანამედროვე ფილმები. ფესტივალი თემატურად სამ ნაწილად გაიყოფა და ის შოსტაკოვიჩის სახელობის ფილარმონიის დიდ დარბაზში „ქართული ხმებისა“ და ნანი ბრეგვაძის კონცერტით გაიხსნება.
პირველ ნაწილში წარმოდგენილი იქნება მსოფლიო კინემატოგრაფიის ოქროს ფონდში შესული ფილმების ჩვენება, მათ შორის კოტე მიქაბერიძის „ჩემი ბებია", „ახალგაზრდა სიყვარული“ (1961წ.), ასევე ნაჩვენები იქნება, ცნობილი ქართველი რეჟისორის მიხეილ კობახიძის ფილმები, „ქორწილი“ , „ქოლგა“, „მუსიკოსები“ და სხვა.
ლეგენდარული კინოს ნაწილში წარმოდგენილი იქნება სერგეი ფარაჯანოვის „სურამის ციხის ლეგენდა", გიორგი შენგელაიას „ვერის უბნის მელოდიები“ და ნანა ჯორჯაძის „შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“.
რაც შეეხება ფესტივალის უკანასკნელ, დახურვით ნაწილს, აქ ქართული თანამედროვე ფილმები იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ზაზა ურუშაძის „სამი სახლი“ და დავით ჯანელიძის „ჯაყოს ხიზნები“.