ფილიპ გორდონი: დემოკრატიული რეფორმების ეჭვქვეშ დაყენებაზე საბოლოო დასკვნა ნაადრევია

ფილიპ გორდონი: დემოკრატიული რეფორმების ეჭვქვეშ დაყენებაზე საბოლოო დასკვნა ნაადრევია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონმა  ქართული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საუბარი იმაზე, რომ  ახალი მთავრობის მიერ, ძველი ხელისუფლების წევრების დაკავებების ფონზე, საქართველოში ჩატარებული დემოკრატიული რეფორმები  ეჭვქვეშ ხომ არ დგება,  ჯერ ნაადრევია.

გოედონის თქმით, შეერთებული შტატები პროცესს ყურადღებით აკვირდება და თვენახევრის წინ ჩატარებული არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე შეუძლია თქვას, რომ ის, რაც საქართველოში მოხდა, დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს. ნაადრევია საბოლოო დასკვნის გამოტანა,  რადგან არჩევნები თვენახევრის წინ იყო და ჩვენთვის იმედის მომცემი მოვლენები განვითარდა - პრეზიდენტმა აღიარა არჩევნების შედეგი, ეს კი დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება“, - განაცხადა გორდონმა.

მისივე განმარტებით, წაგებული მხარისთვის არჩევნებში დამარცხების აღიარება მარტივი არ არის.

„ჩვენთვის იმედის მომცემია, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღიარა შედეგი, ახალმა მთავრობამ კი აღუთქვა თანამშრომლობა. ვიცი, რომ იყო შეხვედრები. გუშინ პრემიერ-მინისტრმაც თქვა, რომ იგი აპირებს პრეზიდენტ სააკაშვილთან მუშაობას. აქედან გამომდინარე, ცოტა ნაადრევია, რომ თქვენს შეკითხვაზე საბოლოო დასკვნა გავაკეთოთ. არსებობს გარკვეული წუხილი, რომ ძალაუფლება შეიძლება გამოყენებული იყოს პოლიტიკური მიზნებისთვის და არა  - კანონის უზენაესობისთვის, ამიტომაც მოვუწოდეთ პრემიერსაც და სხვებსაც, რომ ძალზედ ყურადღებიანი იყვნენ დეტალების მიმართ“, - განაცხადა გორდონმა.

მისი გამარტებით, კონსტიტუციური ველიდან გასვლა შეიძლება ორივე მხარისთვის წამგებიანი აღმოჩნდეს.

„თუ პროცესი კონსტიტუციური ველიდან გავა, ეს შეიძლება ორივე მხარისთვის წამგებიანი გახდეს, ამიტომაც ვაკვირდებით მოვლენებს და ვცდილობთ, მხარი დაგიჭიროთ“, - დასძინა გორდონმა.