ფილიპ გორდონი: ნატო-ს აქვს იმის ფუფუნება, რომ ალიანსში არადემოკრატიული ქვეყნები არ მიიღოს

ფილიპ გორდონი: ნატო-ს აქვს იმის ფუფუნება, რომ ალიანსში არადემოკრატიული ქვეყნები არ მიიღოს

 აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონმა ქართული მედიასაშუალების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ თუ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია იტყოდა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო დემოკრატიული და მთავრობამ მოახდინა მანიპულირება, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ თქვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა ძირგამოთხრილი იქნებოდა.

გორდონის თქმით, ნატო-ს აქვს იმის ფუფუნება, რომ ალიანსში არადემოკრატიული ქვეყნები არ მიიღოს.

„საქართველოს დემოკრატიის ევოლუცია არჩევნების შემდეგ ძალზედ რელევანტურია ისეთი კითხვებისთვის, როგორიცაა ნატო-ში გაწევრიანება, „მაპი“,  თავისუფალი ვაჭრობა... როცა ქვეყნები იღებენ გადაწყვეტილებას, რა სახის ურთიერთობა უნდა ალიანსთან, ალიანსი სვამს კითხვას,  რა ქვეყანაა ის? ნატო-ს წევრები საკუთარ თავს ეკითხებიან - გვსურს ჩვენ ეს ქვეყანა იყოს დემოკრატიულ ალიანსში? იქნება ის დემოკრატიის განსახიერება? კონკრეტულად საქართველოს რაც შეეხება, თუ დაპატიმრებების აღქმა იქნება ისეთი, რომ პარტიები საქართველოში არ მიჰყვებიან თამაშის წესებს და არ მუშაობენ კონსტიტუციური დებულებით, არამედ იმის მიხედვით, ვის უფრო მეტი ძალა აქვს, ნატო-ში იქნება სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით,  სჭირდებათ თუ არა ალიანსში ასეთი ქვეყანა“, - განაცხადა გორდონმა.

მისივე განმარტებით, ნატო-ს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, თუ რა ფორმით უნდა გაგრძელდეს საქართველოსთან ურთიერთობა, უპირველესად სწორედ დემოკრატიის ხარისხი იქნება გათვალისწინებული.

„ალიანსის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, რა ფორმატში უნდა გაგრძელდეს საქართველოსთან ურთიერთობა, ეს იქნება „მაპი“ თუ სხვა, გათვალისწინებული იქნება დემოკრატიის ხარისხი. ალიანსის თვისებები ისეთია - დემოკრატია ესაა გადამწყვეტი კრიტერიუმი. ცივი ომის დროს ეს არ იყო გადამწყვეტი მნიშვნელობის, ცივი ომის დროს დემოკრატიულ მოსაზრებებს გვერდზე გადავდებდით, ახლა სტანდარტები სხვაა, ახლა დემოკრატიული ალიანსია“, - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

ამასთან, თბილისში ვიზიტით მყოფი ფილიპ გორდონის განმარტებით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას ხელი შეეშლებოდა მაშინაც, თუ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდებოდა, მაგრამ მთავრობას შედეგი არ მოეწონებოდა და ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებას უზრუნველყოფდა.