მარიამ ჯიშკარიანი: ჭაკუა, რომლის მრჩეველიც ტატო ქელბაქიანი იყო, ძებნაშია და არასრულწლოვანთა კოლონიის უფროსად მისი დანიშვნა გაუმართლებელია

მარიამ ჯიშკარიანი: ჭაკუა, რომლის მრჩეველიც ტატო ქელბაქიანი იყო, ძებნაშია და არასრულწლოვანთა კოლონიის უფროსად მისი დანიშვნა გაუმართლებელია

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას,  რომლის თანახმადაც, არასრულწლოვანთა კოლონიის უფროსად ტატო ქელბაქიანი ინიშნება, აცხადებს, რომ ამ საკადრო ცვლილების განხორციელება დაუშვებელია.

ჯიშკარიანის განცხადებით, ტატო ქელბაქიანი  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის დავით ჭაკუას მრჩეველი იყო.

შესაბამისად, მისი თქმით, ამ საკადრო ცვლილების განხორციელება პრაქტიკულად ზემოქმედებას მოახდენს ბავშვებზე, რომლებიც საპატიმროში ქცევის წესებსა და წამების შესახებ ჩივიან.

„ტატო ქელბაქიანი  არასრულწლოვანთა რეფორმას ხელმძღვანელობდა და როგორც მოგეხსენებათ, ეს  რეფორმა  სრული კრახით დასრულდა. ამაზე ჩვენი ორგანიზაცია ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიუთითებდა. კერძოდ,  იგი თანახმა იყო მერვე საპყრობილეში ბავშვთა ციხის გადატანისა და ამ კოლონიის დახურვას ხელმძღვანელობდა.  რასაც შემდეგ,  ცემის,  წამების და  არაადამიანური მოპყრობის გამო,  ბავშვთა კოლონიაში ბუნტი მოჰყვა.

ახლა  მოზარდებს, რომლებიც ამბოხის მოწყობაში ბრალეულნი არიან  პროკურატურაში  სარჩელები შეაქვთ  და  მათ ადვოკატირებას ხელმძღვანელობის წინააღმდეგ,  ცემისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ,  ჩვენი ორგანიზაცია უწევს.

შესაბამისად, მივიჩნევ, რომ ასეთ შემთხვევაში, ამ პოსტზე ქელბაქიანის დანიშვნა, ინტერესთა კონფლიქტია“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

მისივე თქმით, დავით ჭაკუა, რომლის მრჩეველიც ქელბაქიანი იყო,  დღეს ძებნაშია და აღნიშნავს, რომ ამგვარი დანიშვნა გაუმართლებელია.

„იურიდიული რეგულაციების ძირითადი გამმართავი და ინტერპრეტატორი ქელბაქიანი გახლდათ და ჩვენი ორგანიზაცია ამგვარი დანიშვნის კატეგორიულად წინააღმდეგია. ამასთან დაკავშირებით, ვაპირებთ  პარლამენტს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მივმართოთ“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.

მისივე თქმით, ის უდანაშაულობის პრეზუმფციას არ არღვევს, თუმცა აღნიშნავს, რომ კადრები, რომლებიც მდუმარე თანხმობით სასჯელაღსრულების სისტემაში  გამეფებულ ჯოჯოხეთურ რეჟიმს  ხელს უწყოდნენ, პასუხი უნდა მოეთხოვოთ.

„წამების  ამსახველი კადრები, მათ შორის არასრულწლოვანებში, რომლებიც ვნახეთ, საერთაშორისო  სტანდარტებით,  ევროკონვენციითა და გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის განმარტების თანახმად დანაშაულია. ამიტომ ტატო ქელბაქიანმა პასუხი უნდა გასცეს საზოგადოებას  მისთვის იყო თუ არა ცნობილი ამგვარი ფაქტების შესახებ და თუ არ იყო ცნობილი,  როგორც მინიმუმ,  ის  თავის მოვალეობას არ ასრულებდა, ხოლო თუ ცნობილი იყო და მდუმარედ ეთანხმებოდა,  ეს გაეროს კონვენციის თანახმად,  დანაშაულს წარმოადგენს. ასევე როდესაც სახალხო დამცველი, მინისტრ  კალმახელიძისპასუხისმგებლობის  საკითხს აყენებდა, იგივე ციხეებში გახშირებული სიკვდილიანობის გამო, ამ დროს ტატო ქელბახიანი ამბობდა, რომ სახალხო დამცველი იტყუებაო“, - განაცხადა ჯიშკარიანმა.